ნეპოტიზმი

ქობულეთის სანდასუფთავებაში სავარაუდო ნეპოტიზმსა და ფიქტიურ დასაქმებაზე გამოძიება დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: ტვ 25

ქობულეთის მერიის მიერ დაარსებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირ "ქობულეთის სანდასუფთავებაში" სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფიქტიური დასაქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოძიება დაიწყო.

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით იძიებს, რაც გაფლანგვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ტვ 25-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ "ქობულეთის სანდასუფთავებაში" 15-მდე თანამშრომელი ფაქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. მათ შორის არის სანდასუფთავების უფროსის ძმაც - ნუგზარ ბლადაძე. ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის ყოველდღე სახლშია და არ მუშაობს, თუმცა ხელფასის სახით 750 ლარს იღებს.

"არავის ხარჯზე არ დამისაქმებია ჩემი ძმა, ვინმე არ გამიშვია და არ მომიყვანია ჩემი ძმა, ამას ვერავინ იტყვის. ჩემი ძმა ყოველთვის დადის სამსახურში, "დაჟე" შვებულებას მთხოვს და ვერ ვუშვებ, რადგან ახლა ზაფხულის სეზონი მეწყება", - უთხრა ტვ 25-ს სანდასუფთავების უფროსმა.

ამასთან, ის ადასტურებს ცოლის ძმის დასაქმებასაც, თუმცა, მისი აზრით, ეს ნეპოტიზმი არ არის.

"რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?", - უთხრა ბლადაძემ ტვ 25-ის ჟურნალისტს.

დღეს, 5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთის მერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები