უაქციზო სიგარეტი

სამეგრელოში 67 460 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

Reuters

24-30 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ურთაში, ცაცხვში, ოდიშში, წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, ქალაქ ფოთში და მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში ჩატარებული კონტროლის შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 67,460 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 930 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი იპოვეს. მათ ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, 1000-1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

აღსანიშნავია, რომ სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. 

კომენტარები