ფინანსთა სამინისტრო

ბიზნესს იმპორტის გადასახადის ვადა 30 დღიდან 5 დღემდე შეუმცირდა - ე.წ ოქროს სია გაუქმდა

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის, გადაწყვეტილებით კომპანიების ე.წ ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავსს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება.

შესაბამის ბრძანებას ფინანსთა მინისტრმა 31 მაისს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებზე და მათ საქონელზეც გავრცელდება. 

ეს ცვლილებები აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდება, ხოლო არააქციზურის მიმართ - 2 ივლისს. 

ტაბულა ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რა საფუძველი ჰქონდა მინისტრს ამ ცვლილების მისაღებად და იყვნენ თუ არა ოქროს სიაში მყოფი კომპანიები შესაბამისი ცვლილების შესახებ ინფორმირებულები. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

კომენტარები