ფინანსთა სამინისტრო

ცომაია ე.წ ოქროს სიის გაუქმებაზე: მთავრობის მავნებლური ნაბიჯია, ბიზნესგარემო დაზიანდება

აკაკი ცომაია
Facebook/ თავისუფალი ბაზარი

ეკონომისტი აკაკი ცომაია მავნებლურს უწოდებს ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიების ე.წ ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასხდელად არა 30, არამედ მხოლოდ 5 დღე ექნებათ.

გადაწყვეტილება ბიზნესისთვის მოულოდნელი იყო, მას წინ სიაში მყოფ კომპანიებთან კონსულტაციები არ უძღოდა. სწორედ ამ მოულოდნელობის ეფექტს ასახელებს ტაბულასთან საუბრისას აკაკი ცომაია მთავარ გამოწვევად და დეტალურად ხსნის, თუ რა პრობლემები შეიძლება, ამ გადაწყვეტილებამ ბიზნესს შეუქმნა.

"წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ასეთი მდგომარეობა - იცით, რომ 30 დღეში იხდით გადასახადს, შესაბამისად, შესაბამისი რაოდენობის ნაღდი ფული თქვენ 30 დღის განმავლობაში უნდა შეაგროვოთ, რომ გადასახადის გადახდა შეძლოთ. 

ბიზნესებს შემოაქვთ საქონელი, მერე ამ საქონელს ყიდიან, უმეტეს საქონელს კონსიგნაციით ყიდიან და ეს თანხა თანდათანობით, ნელნელა ამოდის. შესაბამისად, ბიზნესი იყო მორგებული ამ გარემოს და იმ კონკრეტულ ვადებს, რომელიც დადგენილი იყო და იცოდა, რომ ამ ვადებში უნდა შეეგროვებინა ნაღდი ფული. 

ახლა კი ბიზნესი მოულოდნელი პრობლემის წინაშე დადგა. უნდა გადააწყოს ეს ბიზნესი, პლუს 30 დღე 5 დღემდე შეუმცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აუცილებლად შეექმნება პრობლემა ლიკვიდობაში, ანუ მას საბრუნავ საშუალებად აუცილებლად დასჭირდება ლიკვიდური აქტივი, ანუ ნაღდი ფული. ბიზნესს ამ ფულის სესხება ბანკისგან გარკვეული სარგებლის განაკვეთით მოუწევს და და ეს მის დანახარჯებს გაზრდის. ეს არის ის მავნებლობა, რაც მთავრობამ გააკეთა," - ამბობს აკაკი ცომაია. 

ეკონომისტი განმარტავს, რომ მოულოდნელობის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, წინასწარ ყოფილიყო გაცხადებული და ბიზნესებს მოსამზადებელი დრო მისცემოდა, გადაწყვეტილება ნაკლებად-მავნებლური იყო, თუმცა მთლიან ეფექტს მაინც ვერ შეცვლიდა. 

"ბიზნესები მართვას დროში ასე თუ ისე მოახერხებდნენ და გარკვეულწილად, მოიფიქრებდნენ, როგორ გადაეწყოთ ფულის წრე-ბრუნვის თავიანთი მექანიზმი, ამგრამ ეს გაკეთდა მოულოდნელად,"- ამბობს ცომაია. 

აკაკი ცომაიას თქმით, ფინანსთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება ბიზნესგარემოს მკვეთრად გააუარესებს და იმ ფონზე, რომ როდესაც დიპლომატიური კორპუსი უკვე ღიად, არადიპლომატიური ენით საუბრობს ბიზნესზე ზეწოლაზე, მსგავსი გადაწყვეტილებები არაგონივრულია. 

"ასეთი მოულოდნელი მოქმედება, უბრალოდ, ძალზე არაეთიკური საქციელია ჩინოვნიკების მხრიდან იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არაფრისკმკეთებელი ადამიანები ასეთ მდგომარეობაში აყენებენ ბიზნესებს, რაც ბიზნესგარემოს ძალიან მკვეთრად აუარესებს და ისედაც უკვე ელჩების დონეზე კეთდება არცთუ ისე დიპლომატიური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცუდ დღეშია ბიზნესგარემო და მათი ქცევა, გაუაზრებელია ეს, თუ შეგნებულად მავნებლურია, მე ეს არ ვიცი, ქვეტექსტი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მოქმედებებით ეს დასტურდება,"- ამბობს ეკონომისტი. 

ტაბულას კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მთავრობის მხრიდან ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი, ცომაია შემდგნაირად პასუხობს: 

"მე როგორც ვფიქრობ, მათ ბიუჯეტის შევსების ნაწილში გაუჩნდათ მოულოდნელი პრობლემები და ამ პრობლემების მოსაგვარებლად ასეთი გამოსავალი იპოვეს,"- ამბობს აკაკი ცომაია. 

---

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის, გადაწყვეტილებით კომპანიების ე.წ ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავსს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება.

შესაბამის ბრძანებას ფინანსთა მინისტრმა 31 მაისს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებზე და მათ საქონელზეც გავრცელდება. 

ეს ცვლილებები აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდება, ხოლო არააქციზურის მიმართ - 2 ივლისს. 

ტაბულა ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რა საფუძველი ჰქონდა მინისტრს ამ ცვლილების მისაღებად და იყვნენ თუ არა ოქროს სიაში მყოფი კომპანიები შესაბამისი ცვლილების შესახებ ინფორმირებულები. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

კომენტარები