თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

EMC-იმ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

0 კომენტარი
ფოტო: EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა.

განაცხადში მოსარჩელეები დავობენ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

EMC წერს, რომ: 

ამ საქმეში სიცოცხლის უფლების დარღვევას მოსარჩელეები რამდენიმე პერსპექტივით აყენებენ, მათ შორის:

  1. განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია დაიგეგმა ისე, რომ არ მომხდარა რისკების სათანადო გაზომვა და ძალის გამოყენების პრევენციისა და მინიმიზაციისთვის საკმარისი ზომების მიღება;  
  2. თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა. განმცხადებლების მტკიცებით, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც უთითებს. მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება;
  3. დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით, და არა სასწრაფო დახმარების მანქანით;
  4. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის და არ აქვთ წვდომა საქმისთვის ყველაზე მნიშნელოვან მტკიცებულებებზე, მათ შორის, სპერაზმელების ჩვენებებზე, სპეცოპრაციის გეგმაზე.
  5. გამოძიება არსებითად ჭიანურდება და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის გამოძიებას უკვე ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები შეგროვებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის, ის გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ იღებს.

გარდა კონვენციის მე-2 მუხლისა, განაცხადში მოსარჩელეები დავობენ სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ ნაწილში გამოძიების არაეფექტიანობაზე.

ყველა არსებით მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელეები უთითებენ, რომ ეროვნულ დონეზე მოქმედი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტიანი არ არის და გამოძიებამ ვერ უზრუნველყო დარღვეული უფლების აღდგენა.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწუფო უსაფრთხიების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები