კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტის აღიარებაზე სარჩელი სასამართლომ არ მიიღო

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

ბაჩანა შენგელიას ორი მოთხოვნა ჰქონდა - ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტის აღიარება და მისი გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანისთვის მისთვის სიმბოლური თანხის, ერთი ლარის ანაზღაურება.

"სასამართლომ, კერძოდ კი გიორგი გოგიჩაშვილმა მიიღო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ყველანაირი კანონის დარღვევით გადაწყვეტილება. "კოპი-პეისტით" ერთმა მოსამართლემ ადმინისტრაციულის მოსამართლისგან პირდაპირ გადაიტანა თავის დასაბუტებაში. ბუნებრივია, ეს არის უკანონო. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სასამართლოს თემებზე, რომ აუცილებად მიაქციონ ყურადღება ასეთ უპრეცედენტო და წარმოუდგენელ კანონდარღვევას",- ამბობს შენგელია. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები