გერმანია

გერმანელ ექთანს, რომელმაც 85 პაციენტი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

Getty Images

გერმანელ ექთანს, ნილს ჰოგელს, რომელმაც ჩრდილოეთ გერმანიის ორ საავადმყოფოში ექთნად მუშაობისას 85 პაციენტი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

42 წლის ჰოგელს 1999-2005 წლებში მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების ორგანიზმში მომაკვდინებელი დოზის მედიკამენტები შეჰყავდა.

პროკურორის თქმით ის ამას იმიტომ აკეთებდა, რომ შემდეგ პაციენტების გადარჩენის მცდელობით კოლეგებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

მისი ერთ-ერთი ყოფილი კოლეგა იხსენებს, რომ ჰოგელს "რეანიმაციის რემბოს" ეძახდნენ, რადგან ის ყველას განზე წევდა, როდესაც პაციენტს გულის გაჩერების დროს რეანიმაცია სჭირდებოდა.

სასამართლოს ბოლო დღეს ჰოგელმა მსხვერპლთა ოჯახებს მისი ქმედებებისათვის პატიება სთხოვა.

მან 55 მკვლელობა აღიარა, თუმცა პოლიციას მიაჩნია, რომ მსხვერპლთა რიცხვი ასს აღემატება, თუმცა ამის დამტკიცება კრემაციის შედეგად სამხილების განადგურების გამო ვერ ხერხდება. საბოლოოდ სასამართლომ ის 85 მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

ჰოგელის შეჩერება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ის პაციენტის ორგანიზმში წამლის შეყვანის აქტისას გამოიჭირეს. საავადმყოფოების თანამშრომლების ნაწილს სიკვდილიანობის უჩვეულოდ მაღალ მაჩვენებელზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებენ.

კომენტარები