გაფიცვა

Nutella-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარხანა გაფიცვის გამო დახურულია

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც Nutella-ს ქარხანა ჩრდილოეთ საფრანგეთში თანამშრომელთა გაფიცვის გამო აღარ მუშაობს, ამასობაში კი ინგრედიენტები ილევა.

ქარხანა Nutella-ს პროდუქციის 25%-ს აწარმოებს.

ნორმანდიაში განთავსებულ ქარხანაში დასაქმებულები 27 მაისს გაიფიცნენ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. გაფიცვის ორგანიზატორ პროფკავშირში ამბობენ, რომ გაფიცვის დაწყების შემდეგ, ქარხანაში არც ერთი სატვირთო მანქანა შესულა ან გასულა.

ფრანს-პრესის ცნობით, ქარხნის მენეჯმენტი დასაქმებულებს ფულადი ჯარიმით ემუქრება. თუ გაფიცვას არ შეწყვეტენ, შესაძლოა მათ 1000 ევროიანი ჯარიმა დაეკისროთ. ამ ეტაპისთვის, ქარხნის 350 თანამშრომლიდან 160 გაფიცულია.

დასაქმებულები მოითხოვენ, რომ მათი ხელფასი 4.5%-ით გაიზარდოს, Nutella-ს მწარმოებელი იტალიური კომპანია Ferrero კი მათ მხოლოდ 0.4%-იან ზრდას სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეა უშედეგოდ რჩება მათი მცდელობა, დაიწყონ დიალოგი გაფიცულებთან.

Ferrero, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 30 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 2012 წლიდან საქართველოშიც შემოვიდა თხილის საწარმოებლად.

კომენტარები