ფინანსთა სამინისტრო

ჭყონია "ოქროს სიის" გაუქმებაზე: ბიზნესი პატივისცემასა და შეტყობინებას იმსახურებდა

ტაბულა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპანიების ე.წ ოქროს სიის გაუქმებას ეხმაურება.

ჭყონია ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს პატივი უნდა ეცა გადასახადების გადამხდელებისთვის, რომლებსაც ბიუჯეტში დიდი რაოდენობით თანხა შეაქვთ და ეცნობინებინა მათთვის ამ სიახლის შესახებ.

"ეს არის მოტივაციისთვის, რომ სახელმწიფოში არსებობს "ოქროს სია" და შეგიძლია, მიხვიდე და სხვა შეღავათი მიიღო, ესეც მოტივაციის ერთერთი ფორმაა. ფინანსთა მინისტრს შეეძლო ამის გამოცხადება ერთი თვით ადრე და ბიზნესმენებისთვის ეცნობინებინა ეს. პატივი ეცა გადასახადების გადამხდელებისთვის, რომლებსაც ბიუჯეტში უამრავი ფული შეაქვთ, თავის რისკზე აფუძნებენ ბიზნესს, თავისი რისკით გამოაქვთ ბანკებიდან სესხები, დებენ უშველებელ შრომას, რომ შექმნან სამუშაო ადგილები და ეს ხალხი იმსახურებს ელემენტარულ პატივისცემას და შეტყობინებას,"- უთხრა ჭყონიამ რუსთავი 2-ს. 

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის, გადაწყვეტილებით კომპანიების ე.წ ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავსს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება.

შესაბამის ბრძანებას ფინანსთა მინისტრმა 31 მაისს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებზე და მათ საქონელზეც გავრცელდება. 

ეს ცვლილებები აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდება, ხოლო არააქციზურის მიმართ - 2 ივლისს. 

ტაბულა ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რა საფუძველი ჰქონდა მინისტრს ამ ცვლილების მისაღებად და იყვნენ თუ არა ოქროს სიაში მყოფი კომპანიები შესაბამისი ცვლილების შესახებ ინფორმირებულები. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

კომენტარები