ტრეფიკინგი

იულია სუსლიაკის დაკავების და ტრეფიკინგის საქმე - ქართული მხარე 10 ბავშვს უკრაინას გადასცემს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს  გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე  ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ. უკრაინულმა მხარემ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა. მათზე მეურვეობის პასუხისმგებლობას უკრაინის შესაბამისი ორგანოები აიღებენ.

"აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე" - აცხადებს პროკურატურა.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 - დაბადებულია 2017 წელს. ამან სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლით ეძებს ბავშვს, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს.

იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქმართან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა. მისივე თქმით, ცნობილია ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგები, "რაც არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სუსლიაკს ბავშვები ნაყიდი არ ჰყავს". ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა - იური სუსლიაკი. ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში იმყოფებიან იულია და იური სუსლიაკის მშობლები - სწორედ მათ მოითხოვეს ბავშვების უკრაინაში წაყვანა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად.

თავად იური სუსლიაკის თქმით, "ბავშვები უკრაინაში გაჩნდნენ აბსოლუტურად კანონის დაცვით, სუროგაციის გზით. ამის ყველა დოკუმენტი არსებობს. ვფიქრობ, როდესაც ამაზე დასტური მიუვათ, საქმეც დაიხურება. ჩვენ დავიწყეთ სუროგაციის პროგრამა და წარმატებით დასრულდა. გვინდოდა და გვინდა დიდი ოჯახი, ბევრი შვილით".

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები