აშშ-მექსიკა

მექსიკამ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად გვატემალის საზღვარზე 6000 სამხედრო გაგზავნა

AP

მექსიკამ გვატემალის საზღვარზე ეროვნული გვარდიის 6,000 წევრი გაგზავნა, რათა აშშ-ში არალეგალი მიგრანტების მექსიკის გავლით შესვლა შეაჩეროს.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარდი ვაშინგტონში გაემგზავრა. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა აშშ-მა ქვეყანას ტარიფები არ დაუწესოს.

"ჩვენ განვმარტეთ, რომ 6000 კაცია საზღვარზე და ისინი იქ იქნებიან მობილიზებული." თქვა მან.

აშშ-ის სასაზღვრო დეპარტამენტის მიხედვით მექსიკის საზღვარზე გასულ თვეებში დაკავებული მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

მათი თქმით მხოლოდ მაისში 132,887 მიგრანტი დააკავეს, როდესაც საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას ცდილობდნენ, რაც წინა თვესთან შედარებით 33%-იანი ზრდაა.

დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ არალეგალური მიგრაციის გამო მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს ახალ ტარიფებს მომდევნო კვირას დაუწესებს.

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა თქვა, რომ იმედი აქვს, რომ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებები საკმარისი არ იქნება:

"ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსალოდნელია, რომ ტარიფები დაწესდება. მექსიკამ მეტი უნდა გააკეთოს ჩვენს ქვეყანაში ამ შემოჭრის შესაჩერებლად." თქვა მან ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"10 ივნისიდან აშშ ქვეყანაში მექსიკიდან შემომავალ ყველა საქონელს 5%-იან ტარიფს დაუწესებს, მანამდე, სანამ მექსიკიდან არალეგალი მიგრანტების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა არ შეწყდება. ტარიფები ნელ-ნელა გაიზრდება, სანამ არალეგალური მიგრაციის პრობლემა გადაწყდება."

ტრამპის თქმით პირველ ოქტომბრამდე ტარიფები 25%-მდე გაიზრდება. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ტარიფების დასაწესებლად პრეზიდენტი საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალის აქტს გამოიყენებს.

დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კონგრესის გვერდის ავლით სასაზღვრო კედელის მშენებლობა დააფინანსოს. ტრამპს ასევე მიაჩნია, რომ მექსიკა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საკამარისს არ აკეთებს.

კომენტარები