ანტიდემპინგური კანონი

მთავრობა უახლოეს დღეებში პარლამენტს ანტიდემპინგურ კანონპროექტს წარუდგენს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობას მზად აქვს ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარადგენენ პარლამენტში.

"ჩვენი გამოკვეთილი პრიორიტეტი არის და კვლავაც იქნება ქართული წარმოების, ქართული ბიზნესის მხარდაჭერა. ამას თან ახლავს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები და ამიტომ ვაჟღერებ აქ, მაგალითად, ანტიდემპინგის შესახებ კანონპროექტი, რომელიც არის მომზადებული და ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ბიზნესთან, რომ უფრო მეტად შეთანხმებული ვერსიით შემოვიტანოთ ის და უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს და კომიტეტს." - ამბობს თურნავა.

მინისტრი ადგილობრივი ბიზნესის "უხარისხო ანალოგიებისგან" დაცვას "ცივილიზებულ გზას" უწოდებს:

"ცივილიზებული გზით დავიცავთ საკუთარ ბიზნესებს უხარისხო ანალოგიებისაგან, დემპინგური კონკურენციისაგან, დემპინგური და უხარისხო პროდუქციისაგან. ეს არის ცივილიზებული გზა, ჩვენ ვართ ძალიან გახსნილი ქვეყანა, მაგრამ ბიზნესის ინტერესები უნდა იყოს დაცული."

რატომ დააზარალებს ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მოსახლეობას:

დემპინგის აკრძალვის დროს მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც ისინი უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავენ, მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ. ამ დროს მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი და შედარებით ძვირიანი პროდუქციის ყიდვის ალტერნატივა აქვს, რაც მათი მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობა შესაძლოა ბუნდოვანიც იყოს, რაც შეიძლება კანონის ნორმების ფართოდ განმარტებისა და, შედეგად, კომპანიებისთვის ახალი ფინანსური ბარიერის შექმნის ტოლფასი გახდეს. 

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. 

კომენტარები