5 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა "ნდობის გაღრმავებისა და ორი ძალის ურთიერთპატივისცემის" ნიშნად რუსეთს ორი პანდა გადასცა.
სი ძინპინმა პანდების ჟუ ისა და ტინ ტინის გადაცემის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პუტინს მისი "საუკეთესო მეგობარი" უწოდა - "გასულ 6 წელიწადში თითქმის 30-ჯერ შევხვდით. პუტინი ჩემი საუკეთესო მეგობარი და კარგი კოლეგაა".
"როდესაც ვსაუბრობთ პანდებზე, ღიმილი გვრჩება ჩვენ სახეებზე... ეს ცხოველები ჩინეთის ეროვნული სიმბოლოა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მეგობრობის ამ ჟესტს," - აღნიშნა პუტინმა.
პანდები რუსეთს აპრილში გადაეცა, მაშინ, როდესაც პუტინი პეკინში ჩავიდა, თუმცა ისინი მხოლოდ 5 ივნისს გაასაჯაროვეს.
პეკინმა მოსკოვს პანდები 15 წლით გადასცა, რაც საერთო კვლევის პროგრამის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომის პარალელურად მაისში ჩინეთის მხარემ აშშ-ის კალიფორნიის სან დიეგოს ზოოპარკიდან 26 წლის გიგანტური პანდა პაი იუნი და მისი ექვსი წლის ბელი სიაო ლივუ გამოითხოვა.