ვლადიმირ პუტინი

პუტინი აშშ-ს: ეკონომიკურ ეგოიზმს სავაჭრო და არა მხოლოდ სავაჭრო ომისკენ მივყავართ

ვლადიმირ პუტინი
Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას თქვა, რომ ეკონომიკური ეგოიზმი სავაჭრო და შესაძლოა რეალური ომების საბაბიცაა.

პუტინმა ყურადღება NordStream 2-ის გაზსადენსა და ჩინურ ტელეკომუნიკაციების ფირმა huawei-ზე გაამახვილა. პუტინის თქმით აშშ ცდილობს მისი იურისდიქცია მთელს მსოფლიოზე გაავრცელოს.

"ეს არის გზა უსასრულო კონფლიქტებისაკენ, სავაჭრო ომების და შესაძლოა, არა მხოლოდ სავაჭრო ომებისაკენ. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ეს არის გზა ბრძოლებისაკენ წესების გარეშე, რომელიც ყველას ყველას წინააღმდეგ განაწყობს." თქვა მან.

ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც ესწრება, რომელიც რუსეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პუტინს გუშინ შეხვდა. მათ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მათ ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებებს. მათ შორის შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ რუსული ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS ნებას დართავს ჩინურ ფირმა Huawei-ს რუსეთში 5G ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობის მიღებაზე.

ფორუმზე სი ძინპინმა თქვა, რომ დასავლეთი და კონკრეტულად კი ვაშინგტონი უსამართლო კონკურენციას და პროტექციონიზმს ეწევა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფებს გაზრდის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა 25%-იანი ტარიფი კიდევ 325 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზეც დააწესონ.

გარდა ამისა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება. Huawei-ს ასევე აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე. აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება. ისინი მსგავის ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებენ მოკავშირე ქვეყნებსაც.

 

კომენტარები