გიგა ბოკერია

ბოკერია თურნავას: რემენას იცნობთ? იცით რიჟა ვინ არის?

პარლამენტი

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერიასა და ნათია თურნავას კითხვა-პასუხი უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ბოკერია მინისტრს ჭიათურის საქმესთან დაკავშირებით უსვამდა კითხვებს, რომელთაც თურნავა პასუხს არ სცემდა, ამ დროს კი უმრავლესობის წევრები ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ეუბნებოდნენ, რომ რეგლამენტის მიხედვით, თურნავას ყველა კითხვისთვის ერთიანად უნდა ეპასუხა. ბოკერიას თქმით, ასეთ შემთხვევაში მინისტრი არასასურველ კითხვებს აარიდებდა თავს.

"თქვენ ტელევიზიით ადევნებდით თვალყურს როცა ეს გაფიცვა დაიწყო? გქონდათ დრო, ქალბატონო ნათია, რომ გედევნებინათ ტელევიზიით თვალყური რა ხდებოდა ჭიათურაში?" - ჰკითხა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს. კითხვას მინისტრის დუმილი, უმრავლესობის წევრების ხმაური და ოპოზიციასთან შელაპარაკება მოჰყვა. შემდეგ კი კვლავ ბოკერიამ გააგრძელა:

"რახან არ მცემთ პასუხს, ვვარაუდობ რომ არ ადევნებდით. რემენა იცით ვინ არის ქალბატონო ნათია? რემენა, გაგიგიათ ასეთი ვინმე? ამაზეც არ მცემთ პასუხს ქალბატონო ნათია?"

ბოკერიას კითხვას თავდაპირველად კვლავაც მინისტრის დუმილი და უმრავლესობის დეპუტატების ხმაური მოჰყვა, შემდეგ კი თავად თურნავამ გასცა პასუხი:

"ბატონო გიგა, მზად ვარ მოვისმინო თქვენგან ვინ არის რემენა."

ამას კვლავ ბოკერიამ უპასუხა:

"ანუ თქვენ არ გიდევნებიათ თვალყური იქ მისული რომ იყო მისი სახელით ადამიანი და გვერდზე რომ გაყავდა ის ხალხი, მაღაროელები? არ უყურეთ ამას, კრიმინალურ გარჩევაზე რომ გაყავდა გვერდზე?"

ბოკერიას ამ შეკითხვას კვლავ მოჰყვა უმრავლესობის წევრების გაღიზიანება. გიგა ბუკიამ თქვა, რომ თურნავა დაკითხვაზე არ იმყოფებოდა:

"დაკითხვაზე კი არ არის. კითხვები დასვით და გიპასუხებთ. თქვენ რომ არ ხართ დაკითხვაზე მიწვეული თავის დროზე ისაა პრობლემა".

ბუკიას რეპლიკას მორიგი შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი კვლავ ბოკერიამ განაგრძო:

"ქალბატონო ნათია, არ ადევნებდით თვალყურს და არ იცით, რომ იქ კრიმინალური ავტორიტეტები ერეოდნენ? არ იცით ქალბატონო ნათია ამის შესახებ? რიჟა, მეტსახელად, იცით ეგეთი ადამიანი, ვინ არის? არც ეგ არ იცით, რიჟა ვინ არის? ანუ ქალბატონო ნათია, თქვენ ხართ იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ შემოიტანა ქუჩური გარჩევების კრიმინალიზაციის ინიციატივა, ქურდულ სამყაროს ვებრძვითო. ჭიათურაში ჩვენ ტელევიზიით ვუყურებდით ქურდული სამყაროს წარმომადგენელს როგორ გაყავდა გვერდით ის ხალხი, რომელიც პროტესტს აცხადებდა. თქვენ ეს პრობლემად მიგაჩნიათ თუ არა?"

კითხვას ისევ მინისტრის დუმილი მოჰყვა, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თქვა, რომ "“პასუხის არ გაცემა მისი [მინისტრის] უფლებაა”.

პაუზის გაკეთება კი ჩემი უფლებაა, რომ მთელმა საზოგადოებამ ნახოს - აქ როცა მინისტრი მობრძანდება, რაღაც სადღეგრძელოებს გვეუბნება იმის თაობაზე, როგორ ზრუნავს ქვეყანაზე და გაჭირვებულ ხალხზე, მერე კიდევ იქნება აქ სადღეგრძელოები თქვენი პოლიტიკური გუნდის მინისტრისგან, “ვარსკვლავი” რომ გყავთ, გახარია, რომ თურმე ხალხი არ თანამშრომლობს [სამართალდამცველებთან] და პრობლემა არისო, მერე კონკრეტული ვითარება რომ დგება თვალწინ და ტელევიზიით რომ უყურებთ ამას და მინისტრი მოდის, პასუხის გაცემაც არ უნდა." - განაცხადა შემდეგ ბოკერიამ.

საბოლოოდ თურნავას კითხვისთვის ისევ არ გაუცია პასუხი და სხდომაზე შელაპარაკება გაგრძელდა.

ნათია თურნავა მინისტრად დანიშვნის შემდეგ პარლამენტში პირველადაა მისული დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად. მას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

კომენტარები