რუსეთი

რუსეთში ცალკეული ადამიანები ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაკავებას აპროტესტებენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაკავებას აპროტესტებენ.

უწყების შენობასთან RTVi-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ტიხონ ძიადკომ ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც აღბეჭდილია ასევე ჟურნალისტი ილია აზარი, რომელიც შენობასთან საპროტესტო პლაკატით დგას და გოლუნოვის გათავისუფლებას ითხოვს.

"ჟურნალისტი ივან გოლუნოვი მოსკოვის მერიასა და სამთავრობო ორგანოებში კორუფციის ფაქტებს იძიებდა. 6 ივნისს მას პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო და დააკავა. ვითხოვ, გოლუნოვი გათავისუფლდეს!", - წერია მის ბანერზე.

ჟურნალისტის დაკავება ცალკეულმა ადამიანებმა რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გააპროტესტეს.

ვნისს მოსკოვში მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა.

გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედება.

ივანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება კი დაკავებიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო. ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.

"მედუზას" ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

ბოლო წლებში რუსეთში მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები დააკავეს ნარკოდანაშაულის მიზეზით. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება ამას არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს.

კომენტარები