ანაკლიის პორტი

თურნავა: ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია, ამას საქმით ვადასტურებთ

კომერსანტი

"არცერთი ნაბიჯი, რომელიც პოტენციურად დააზიანებს ანაკლიის პროექტს, ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება" - ნათია თურნავა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მთავრობის მიზანია, ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ დაემუქროს.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და ეკონომიკის სამინისტროსთვის, რასაკვირველია. ამას ჩვენ ვადასტურებთ საქმით, ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება. ამას ჩვენ ვადასტურებთ საქმით იმ დონეზე, რა დონეზეც არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფო მხარდაჭერა." - ამბობს მინისტრი.

თურნავა აგრეთვე ასახელებს რამდენიმე მიმართულებასაც, რა კუთხითაც, მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს პროექტს:

"ეს არის 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი. ეს არის 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია. ეს არის იგივე მოქნილი ვადები."

მოგვიანებით, ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე, საფუძვლიანია თუ არა ინვესტორების შიში, რომ მთავრობა პროექტის საკითხზე ჩამოყალიბებული არაა, თურნავა პასუხობს, რომ თუ ასეთი შიში არსებობს, ის უსაფუძვლოა, რადგანაც "იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ეს პროექტი კონსტრუირებული, რა უფლება მოვალეობები და ვალდებულებები კონტრაქტის ფარგლებში სახელმწიფოს აქვს აღებული, ყველაფერი კეთდება და იმაზე მეტიც".

ჭიაბერაშვილმა აგრეთვე თურნავას მოუწოდა, საჯაროდ გაეცა გარანტია, რომ მთავრობა მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას არ გეგმავდა. პასუხად თურნავამ განაცხადა:

"არ ვიცი რატომ გახდა საჭირო საგანგებოდ იმის გამეორება, რაც უკვე ვთქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია, არცერთი ნაბიჯი მის საზიანოდ არ გადაიდგმება, არც ერთი დამაზიანებელი პროექტი არ განხორციელდება, ჩვენ ვმუშაობთ ინვესტორთან ერთად".

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

7 ივნისს ნათია თურნავა მინისტრად დანიშვნის შემდეგ პარლამენტში პირველადა მივიდა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად. მას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

 

 

კომენტარები