მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ბევრი ქვეყნისთვის საქართველო ეკონომიკური ტრანსფორმაციის მაგალითია

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითია "დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით".

"როდესაც საქართველოს წარმატებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია რეგიონის კონტექსტიც, რადგან საქართველო წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს ბევრი ქვეყნისთვის დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით", - თქვა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის დროს მამუკა ბახტაძემ "განათლების მასშტაბურ რეფორმაზე" ისაუბრა, რომლის თანახმად განათლებაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება. მისი თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა.

"საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი კანონი, რომლის თანახმად ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ, ბიუჯეტის 25% გამოყოფილი იქნება განათლებაზე და რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდება ყველა მომდევნო მთავრობისთვის მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ნებისმიერი ხელისუფლების და ნებისმიერი ქვეყნის უდიდესი მისიაა”, - თქვა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები