არჩევნები 2019

"ეს იყო შეშინებული ხელისუფლების ბინძური კამპანია" - ოპოზიცია საარჩევნო პერიოდს აფასებს

ევროპული საქართველო

"ქართული ოცნება მეორე ტურის წინ დაგვპირდა, რომ სრულ მობილიზაციას მოახდენდა და მან ეს დაპირება, წარმოიდგინეთ, მართლა შეასრულა", - ასე აფასებს მთაწმინდაზე მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს თავისუფალი დემოკრატების წევრი, ნინო გოგუაძე.

​მან დღეს ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიასთან ერთად წინასაარჩევნო პერიოდის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

ხოშტარია ამბობს, რომ ეს იყო ბინძური კამპანია, სადაც ძალაუფლების არჩევნების გზით დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება მიდოდა ყველაფერზე.

"ჩვენ ვნახეთ ბანერებით შეშინებული მერია და ქართული ოცნება, რომელიც გავარდა და დისკრიმინაციულად ჩამოხია შალვა შავგულიძის ბანერი და ამაზე მიიღო ღირსეული პასუხი მთაწმინდის ამომრჩევლისგან, რომლებმაც თავად გადმოკიდეს თავიანთ სახლებზე ბანერები; ჩვენ ვნახეთ პატიმარი ადამიანით სპეკულირება ოქროყანაში და მეასე დაპირება, რომ არჩევნების შემდეგ გამოუშვებენ ამ ადამიანს, თუ მიიღებენ ხმებს; ჩვენ ვნახეთ ზეწოლა, გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება და გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება, რაც გახდა სამწუხაროდ საფირმო ნიშანი ქართული ოცნების", - თქვა დეპუტატმა.

ელენე ხოშტარია გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განცხადებასაც, რომლის მიხედვით, შალვა შავგულიძის წინააღმდეგ, Facebook-ზე ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.

"ეს არის ამომრჩევლის შეურაცხყოფა, როცა გგონია, რომ ტყუილებით მათ აიძულებ მისცენ ხმა შენთვის სასურველ კანდიდატს და ერევი მათ გამოხატვის თავისუფლებაში და ნებაში", - აღნიშნავს ხოშტარია.

ნინო გოგუაძის თქმით კი, ქართულმა ოცნებამ მოახერხა ყველა ბინძური ხერხის და მეთოდის მობილიზება

"ყველაზე ამაზრზენი იყო იმის ყურება, თუ როგორ დაესხა ერთ მართალ ადამიანს თავს, იმ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება რიგით მოქალაქეებს და მათ ოჯახებს იცავდა. იცავდა ხელისუფლების თვითნებობისგან და უსამართლო სახელმწიფო სტრუქტურებისგან. ამ ადამიანს ხელისუფლებით ზურგგამაგრებული და ხელისუფლების მიერ დაგეშილი მედროვე, კონფორმისტი და მდაბიო ადამიანები მიუქსია", - აღნიშნა გოგუაძემ.

მან ამომრჩევლებს ხვალ, 9 ივნისს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

"მე მგონი, ასეთი ნათელი არჩევანი იშვიათად გქონიათ. ყველამ კარგად ვიცით სად არის სიმართლე და სად ტყუილი; სად არის პატიოსნება და სად უსინდისობა; სად არის ღირსება და სად უღირსობა", - აღნიშნა მან.

კომენტარები