დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრი: ვნანობ, რომ 20 წლის წინ კოკაინი მოვიხმარე

მაიკლ გოუვი
EPA

პრემიერმინისტრ ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გარემოს დაცვის მინიტრმა მაიკლ გოუვიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ დაახლოებით 20 წლის წინ კოკაინს მოიხმარდა.

მან გამოცემა Daily Mail-ს უთხრა, რომ ჟურნალისტად მუშაობისას საჯარო ღონისძიებებზე ნარკოტიკი რამდენიმეჯერ მიუღია, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი ეს "შეცდომა" პრემიერმინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვისას მის წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენონ.

"20 წლის წინ რამდენიმე ღონისძიებაზე ნარკოტიკული საშუალებები მივიღე. იმ დროს ახალგაზრდა ჟურნალისტი ვიყავი. ეს შეცდომა იყო. უკან ვიხედები და ვფიქრობ, ნეტავ არ გამეკეთებინა ეს. მე მინახავს ზიანი, რაც ნარკოტიკებმა სხვა ადამიანებს მიაყენა და ამიტომ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსს ჰქონდა ცხოვრება პოლიტიკამდე. რა თქმა უნდა, როდესაც ჟურნალისტი ვიყავი არც კი წარმომედგინა, რომ პოლიტიკაში და საჯარო სამსახურში მოვიდოდი. კითხვა ახლა ის არის, რომ ხალხმა უნდა შეხედოს ჩემს მიღწევებს, როგოც პოლიტიკოსისას და საკუთარ თავს კითხვა დაუსვას "არის ეს ადამიანი, ვისაც ახლა ვხედავთ, მზად იყოს ლიდერი?"

გარემოს დაცვის მინისტრობამდე ის 2015-16 წლებში იუსტიციის მინისტრის პოსტსა იკავებდა. ის ერთ-ერთია იმ 11 კანდიდატიდან, ვისაც ტერეზა მეის ჩანაცვლება სურს.

მათ შორის არის საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტიც, რომელმაც უკვე მოიხადა ბოდიში 15 წლის წინ ირანში ქორწილში სტუმრობისას ოპიუმის მოწევის გამო.

რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს, ბორის ჯონსონს, მას ჰკითხეს რა კომენტარს გააკეთებდა იმ ინფორმაციაზე, რომ უნივერსიტეტში სწავლისას კოკაინს იღებდა, რაზეც უპასუხა "ეს მაშინ იყო, როდესაც 19 წლის ვიყავი."

2005 წლის ინტერვიუში მან თქვა: "ვფიქრობ, ერთხელ მომცეს კოკაინი, მაგრამ დავაცემინე და ის არ შემიყნოსავს. საერთოდაც, შეიძლება შაქარი იყო."

კიდევ ერთმა კანდიდატმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი თქვა, რომ ინდოეთში მოგზაურობისას ბანგი დალია.

მეის შემცვლელს ივლისის ბოლოს აირჩევენ.

კომენტარები