რუსეთი

მოსკოვის პოლიციის ცნობით, დაკავებიდან 48 საათის შემდეგ გოლუნოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ABC

მოსკოვის პოლიცია იუწყება, რომ ჟურნალისტი ივან გოლუნოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციას არ უთქვამს, თუ რომელ საავადმყოფოში წაიყვანეს ის, თუმცა ეხო მასკვის ინფორმაციით, ჟურნალისტს მოსკოვის 71-ე საავადმყოფოში უმკურნალებენ.

გოლუნოვთან სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა მივიდა. ორივე ბრიგადის ექიმებმა თქვეს, რომ ჟურნალისტს ტვინის შერყევა, ჰემატომა და სავარაუდოდ, ნეკნის მოტეხილობაც აქვს.

ექიმების თქმით, ის საავადმყოფოში იყო გადასაყვანი და რენტგენის გადაღებაც სჭირდებოდა, თუმცა პოლიციამ ამაზე უარი განაცხადა.

გულნოვის ადვოკატმა დმიტრი დჟულაიმ თქვა, რომ მესამე სასწრაფო დახმარებამაც გასინჯა გოლუნოვი და პოლიციის ზეწოლის მიუხედავად, ექიმებმა იგივე დიაგნოზი დასვეს, რაც წინა ორმა სასწარფოს დახმარების ბრიგადამ. 

საბოლოოდ, გოლუნოვის საავადმყოფოში გადაყვანის ნება დართეს.

ჟურნალისტის თქმით, მას ჯერ თავში ჩაარტყეს, შემდეგ ძირს დააგდეს და ერთერთმა პოლიციელმა გულმკერდზე წიხლიც დაარტყა.

მას 8 ივნისს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა.

გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება მხოლოდ 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტის თქმით, გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო.

ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

გარდა ამისა, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის შსს-ს უფროსს ოლეგ ბარანოვს სთხოვა, რომ ივან გოლუნოვის საქმე პირად კონტროლზე აეყვანა.

"მედუზას" ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

მოსკოვის წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტებიც ფიქრობენ, რომ გოლუნოვი უდანაშაულოა. რუსეთის დამოუკიდებელი მედიის არაერთი წამყვანი ჟურნალისტი მას დადებითად და თავისი საქმის პროფესიონალად აფასებს.

"ეს საშიში და ცუდია ჩვენთვის. ჩვენი მუშაობა უკვე გართულებულია, როდესაც ამგვარი შემთხვევები ხდება, უმარტივესი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება, კარიერის შეცვლა და მისი მიტოვებაა - თუმცა, არავინ აპირებს ამის გაკეთებას" – აღნიშნა BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტმა, სვეტლანა რეიტერმა.

7 ივნისს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გოლუნოვის მხარდასაჭერად დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა და მის დაკავებას აპროტესტებდა. 

პოლიციამ შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი დააკავა. პოლიციელები სათითაოდ მიდიოდნენ სხვადასხვა მომიტინგესთან, პლაკატებს ართმევენ, ჩხრეკდნენ, საბუთებს უმოწმებდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციის ფურგონში სვამენ.

გამომძიებელი ჟურნალისტის დაკავება ცალკეულმა ადამიანებმა რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გააპროტესტეს.

ცნობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბოლო წლებში რუსეთში მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები დააკავეს. ბევრი ექსპერტის მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება ამას არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს.

კომენტარები