არჩევნები 2019

ივანიშვილი: II ტური მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ევროპელებს მოსწონთ II ტური

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

"როგორც მოგახსენეთ პირველი ტურის დროს, ველოდებოდით ჩვენ მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში ქართული ოცნება დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რაც ნახეთ კიდეც. დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ ქართული ოცნების კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. დამატებით შეიძლება გავუსვათ ხაზი, რომ მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი. მთაწმინდა ამ მხრივ კარგი მაჩვენებელია.

ამავდროულად, ხაზგასასმელია ისიც, რომ, თუ აკვიდებოდით კარგად არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ევროპული არჩევნები იყო და ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. აი ასე, თანდათან, ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები და ეს მათ შორის არჩევნებში კარგად უნდა გამოიხატებოდეს." თქვა მან.

9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია. 

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან. 

08:00 საათზე მთაწმინდის ოლქის 31-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა. 

უბნებზე ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

1-ლ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%.

კომენტარები