Tbilisi Pride-ის საერთაშორისო პეტიცია: დაგვეხმარეთ, რომ უსაფრთხოდ ჩაიაროს მარშმა

Tbilisi Pride

მოძრაობა All Out-მა, რომელიც ლგბტ+ პირების უფლებებს იცავს, საერთაშორისო პეტიცია გამოაქვეყნა. Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები პეტიციაში საქართველოს მთავრობას პრაიდის მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში, თბილისში, პირველად ტარდება პრაიდის კვირეული. ეს კარგი შემთხვევაა, რომ ქვეყნის მოსახლეობამ დაინახოს, რომ ლგბტ+ ადამიანები არსებობენ და მატ თანაბარი უფლებებით შეუძლიათ ისარგებლონ, ქვეყანაში, სადაც ჰომოფობია და თავდასხმები კვლავ პრობლემად რჩება.

"მას შემდეგ რაც დაანონსდა პრაიდის კვირეული, სიძულვილის ჯგუფებმა დაიწყეს ძალადობის შემცველი მუქარების გავრცელება. საქართველოს მთავრობამ კი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ გაეუქმებინათ მარში და უარი განაცხადა მათ დაცვაზე, მაგრამ თბილისი პრაიდს უკან არ დაუხევია!

დაგვეხმარეთ, დავარწმუნოთ პრემიერმინისტრი და შს მინისტრი, უზრუნველყოს საქართველოს ისტორიაში პირველი პრაიდის კვირეულისა და მარშის დაცულად და მშვიდობიანად ჩატარება", - წერია პეტიციაში.

31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტქ აქტივისტებმა თქვეს, რომ 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ შესთავაზეს ღირსების მარშის დახურულ სივრცეში გადატანა. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

ამასთან, მათი თქმით, შსს-სთვის წარდგენილ მარშრუტებს შორის არ იყო ისეთი ადგილები, სადაც უმეტესად იმართება აქციები - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის ტერიტორია და მთავრობის კანცელარია.

კომენტარები