ძალადობა

საგარეჯოში დააკავეს ძებნილი კაცი, რომელსაც 14 წლის გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებდა

www.readersride.com

სამართალდამცველებმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 2015 წლის 9 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

"ამჟამად, მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. 2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით, ლ. ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ-მ განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. ამ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დაიწყო. მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ.ბ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება" - აცხადებს შსს.

რამდენიმე დღის წინ, რეგინფომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 წლის გოგო ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს. გამოცემის ინფორმაციით, 2015 წელს, გოგო ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს და 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიჭმა მოზარდი საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ მისი ცოლად შერთვა უნდოდა.

რეგინფო წერს, რომ ბიჭის ნათესავებმა, დილით, გოგო თავის სახლში დააბრუნეს. მსხვერპლმა მშობლებს ყველაფერი უამბო და უთხრა, რომ თუ იმ ბიჭზე გაათხოვებდნენ, თავს მოიკლავდა. გოგოს მშობლებმა პოლიციას მიმართეს.

საგარეჯოს პოლიციამ გამოძიება მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო (სექსუალური ხასიათის ქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან). მოძალადე მიიმალა, ხოლო პროკურატურამ მსხვერპლის მიერ დანაშაულში მხილებული სხვა პირები პასუხისგებაში არ მისცა.

რეგინფოს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლმა გოგომ სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბერს მისცა ჩვენება, სადაც დეტალურად აღწერა გატაცების და გაუპატიურების ფაქტი. 2019 წლის 4 აპრილს კი, სახლიდან სკოლისკენ მიმავალი მოზარდი ძებნილმა ბრალდებულმა სოფლის ცენტრიდან ისევ მოიტაცა და იმავე დღეს, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

გამოცემა წერს, რომ 2019 წლის 2 მაისს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა დაზარალებული გოგოს და დედამისის ნოტარულად დამოწმებული განცხადება წარადგინა - გოგოს აღარ აქვს და არც მომავალში ექნება პრეტენზია ბრალდებულის მიმართ. ადვოკატი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლი გოგო მოძალადის სახლში ცხოვრობს. 

კომენტარები