მეორე ტური მთაწმინდაზე

გახარია ამბობს, რომ ოპოზიცია კრიმინალებზე ისტორიებს "იგონებს"

"ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს", - ასე პასუხობს შს მინისტრი ოპოზიციის მხრიდან დღეს გაკეთებულ განცხადებებს, კონკრეტულად ოქროყანის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

საქმე ეხება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ ოქროყანის საარჩევნო უბანზე უზნეო და უკანონო მეთოდებით მუშაობდნენ. ბოკერია თქმით, აქ მმართველი გუნდი "დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობს".

მან კომენტარი ოქროყანის საარჩევნო უბანთან დღეს დილით მომხდარ მცირე ინციდენტზე გააკეთა, როდესაც მან და ლევან თოფურიძემ დავით ციხელაშვილის საქმეზე იკამათეს. 

"ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა პირველი ტურის დროსაც და მეორე ტურის დროს, დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. წინა არჩევნებისთვისაც და მერეც გადააგდეს ხალხი, მაგრამ დაჭერილი ხალხისთვის და მისი გარემოცვისთვის ყოველთვის ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა და გავუშვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოგვხმაურა აქ და სცადა ტიპიური გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ აქ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც ამომრჩევლებს მიეცეთ თავიანთი ნების მშვიდად გამოხატვის საშუალება. 

აქამდე რაც მოხდა, ეს არის უკვე არანორმალური არჩევნები აქ, ოქროყანაში. დღევანდელი დღე მაინც უნდა იყოს მშვიდი და სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური შალვა შავგულიძესა და ლადო კახაძეს შორის გაიმართა.

კომენტარები