არჩევნები 2019

ელენე ხოშტარია: გუშინ, ქართულმა ოცნებამ ყველა უბანთან კრიმინალების კონცენტრაცია მოაწყო

ტაბულა

"ევროპული საქართელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, გუშინ მთაწმინდის ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ის ვიდეოც აჩვენა, რომელზეც, მთაწმინდის ოლქში, ჯამბულის ქუჩაზე მე-13 და მე-14 საარჩევნო უბნებზე ძალადობაა ასახული.

"ეს არის ერთი ეპიზოდი, სადაც მე და ნინო გოგუაძე პირადად ვიყავით, სპეციალურად იმიტომ რომ არ მომხდარიყო რაიმე კონფლიქტი. იქ იყო წარმოუდგენელი კონცენტრაცია კონკრეტული კრიმინალების, აქ იყო ცნობილი "დობო", რომელიც ცნობილია მისი კრიმინალური წარსულით, იქ იყო მისი მეგობარი ეს გაგი ლადოევი, რომლებიც ერთად არიან სულ და კიდევ ბევრი, ბევრი ადამიანი. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ იყვნენ ოცნების კოორდინატორები, რომლებიც ძალიან შეწუხდნენ და ცდილობდნენ ამ სიტუაციის განმუხტვას. აქ არის საუბარი იმაზე, რომ გუშინ, ქართულმა ოცნებამ ყველა უბანთან მოაწყო კონცენტრაცია კრიმინალების და ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია, ჩემთვის გულდასაწყვეტად, ვინც არ უნდა იყოს დღეს მინისტრი მე არ მინდა რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია მუნდირით იყოს და ესეთი კრიმინალური ადამიანები შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს. სულ სამი ქალი ვიყავით და ესეთი ძალადობრივი შეურაცხყოფის ქვეშ.

სსიპები, აიპები, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, კრიმინალები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან კალაძესთან, ხელისუფლებასთან - ეს არის ის გზა, რომლითაც ხელისუფლება გვართმევს არჩევანს, გარდა ამისა ეს ანგრევს ქვეყანას. როდესაც პოლიცია დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს ვერ აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ",- თქვა ელენე ხოშტარიამ.

გუშინ, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ, ხმების 61.63% მიიღო, ხოლო ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ერთიანმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ - 38.37%.

კომენტარები