რუსეთი

საავადმყოფოდან სასამართლოში გადაყვანილ გოლუნოვს ორთვიანი წინასწარი შინაპატიმრობა შეუფარდეს

Business Insider

8 ივნისს მედუზას ჟურნალისტი ივან გოლუნოვი მოსკოვის 71-ე საავადმყოფოდან ნიკულინსკის უბნის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გოლუნოვს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაც აუკრძალეს. საქმის გამომძიებლებსა და პროკურორებს მისი წინასწარი დაკავების ცენტრში გადაყვანა სურდათ, თუმცა გოლუნოვის დაცვის მხარემ შინაპატიმრობა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის 71-ე საავადმყოფოს ექიმის ალექსანდერ მიასნიკოვის დიაგნოზით, ჟურნალისტს ყვრიმალის ძვალზე ჰემატომა აღმოაჩნდა, თუმცა თავი არ ჰქონდა დაზიანებული. მისანიკოვის თქმით, ექიმებმა ის გასინჯეს, კომპიუტერულ ტომოგრაფია გადაუღეს და სისხლის ანალიზიც აუღეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დარჩენის მიზეზი ვერ ნახეს. მანამ, სანამ ჟურნალისტს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, გოლუნოვმა თქვა, რომ მას ჯერ თავში ჩაარტყეს, შემდეგ ძირს დააგდეს და ერთერთმა პოლიციელმა გულმკერდზე წიხლიც დაარტყა. საავადმყოფოში გადაყვანამდე გოლუნოვთან სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა. სამივე ბრიგადის ექიმებმა თქვეს, რომ ჟურნალისტს ტვინის შერყევა, ჰემატომა და სავარაუდოდ, ნეკნის მოტეხილობაც ჰქონდა. მათი თქმით, ის საავადმყოფოში იყო გადასაყვანი და რენტგენის გადაღებაც სჭირდებოდა. პირველ ორ ბრიგადას პოლიციამ ამაზე უარი განუცხადა. გოლუნოვის ადვოკატმა დმიტრი დჟულაიმ თქვა, რომ გოლუნოვი მესამე სასწრაფო დახმარებამაც გასინჯა და პოლიციის ზეწოლის მიუხედავად, ექიმებმა იგივე დიაგნოზი დასვეს, რაც წინა ორმა სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ. საბოლოოდ, მათ გოლუნოვის საავადმყოფოში გადაყვანის ნება დართეს.

მისანიკოვი სახელმწიფო ტელევიზიაზე რასია 1 საკუთარი სამედიცინო გადაცემაც აქვს. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს ექიმმა ზემოთაღნიშნული დიაგნოზი დასვა, საერთაშორისო უფლებათა დაცვის ჯგუფის აგორას ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა თქვა, რომ ექიმი მისანიკოვი  რუსული სახელმწიფო მედიის რასია 1-ის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიონთან დაახლოებული პირია და მისი ეჭვით, გოლუნივის სწორედ ამ საავადმყოფოში გადაყვანა შემთხვევითი არ ყოფილა.

სასამართლოში საქმის მასალებს არა გოლუნოვს პირადი ადვოკატი, არამედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი გაეცნო. დაცვის მხარეს საქმის შესასწავლად კი 15 წუთი მისცეს. 

ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ პოლიციელებმა გოლუნოვს ნარკოტიკები მის ჩანთასა და ბინაში თავად ჩაუდეს. გოლუნოვის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი სასამართლოს შენობასთან ელოდებოდა განაჩენს.

8 ივნისს მედუზას ჟურნალისტ ივან გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა.

გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება მხოლოდ 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტის თქმით, გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო.

ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

გარდა ამისა, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის შსს-ს უფროსს ოლეგ ბარანოვს სთხოვა, რომ ივან გოლუნოვის საქმე პირად კონტროლზე აეყვანა.

"მედუზას" ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

მოსკოვის წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტებიც ფიქრობენ, რომ გოლუნოვი უდანაშაულოა. რუსეთის დამოუკიდებელი მედიის არაერთი წამყვანი ჟურნალისტი მას დადებითად და თავისი საქმის პროფესიონალად აფასებს.

"ეს საშიში და ცუდია ჩვენთვის. ჩვენი მუშაობა უკვე გართულებულია, როდესაც ამგვარი შემთხვევები ხდება, უმარტივესი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება, კარიერის შეცვლა და მისი მიტოვებაა - თუმცა, არავინ აპირებს ამის გაკეთებას" – აღნიშნა BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტმა, სვეტლანა რეიტერმა.

7 ივნისს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გოლუნოვის მხარდასაჭერად დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა და მის დაკავებას აპროტესტებდა. 

პოლიციამ შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი დააკავა. პოლიციელები სათითაოდ მიდიოდნენ სხვადასხვა მომიტინგესთან, პლაკატებს ართმევენ, ჩხრეკდნენ, საბუთებს უმოწმებდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციის ფურგონში სვამენ.

გამომძიებელი ჟურნალისტის დაკავება ცალკეულმა ადამიანებმა რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გააპროტესტეს.

ცნობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბოლო წლებში რუსეთში მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები დააკავეს. ბევრი ექსპერტის მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება ამას არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს.

კომენტარები