მეორე ტური მთაწმინდაზე

ბერაია: თუ გგონიათ, ქურდებმა მოგიგეს, ხომ არ ჯობია, პოლიტიკიდან წახვიდეთ და ისინი მოვიდნენ?

პარლამენტი

"თუ ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს არჩევნები ევროპულ საქართველოს და ენმ-ს სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?" - ასე ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თქვა ოთარ კახიძის განცხადების პასუხად.

ევროპული საქართველოს წევრმა კომიტეტზე განაცხადა, რომ "შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან ქურდული სამყაროს წევრები ყავს მობილიზებული, ვინაიდან არ შეიძლება და დაუშვებელია, სახელმწიფო და პოლიცია კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობდეს".

ბერაიამ თქვა:

მინდა მივმართო ენმ-ს და მის განშტოებებს. თქვენ ძალიან ადვილად ახსენებდით კრიმინალს, როცა იყავით ხელისუფლებაში. ძალიან მარტივი იყო ადამიანისთვის ამის დაბრალება თქვენთვის. რაზეც მეტყველებს თუნდაც ბატონი მერაბი, ჩვენი კოლეგა და კიდევ უამრავი პოლიტპატიმარი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაუბრუნდა თავის ცხოვრებას. თქვენთვის მარტივი იყო ამ სიტყვის წარმოთქმა და დაბრალება. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა თქვენთვის და ისევ მარტივად ახერხებთ ადამიანების შერაცხვას კრიმინალებად და ეს ჩემთვის გასაკვირი საერთოდ არ არის. მე მაქვს კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ.

თუ ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს არჩევნები ევროპულ საქართველოს და ენმ-ს სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?".

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, შუალედულ არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 61.83 % (10 738 ამომრჩეველი) მიიღო.

ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ - 38.17% (6 630 ამომრჩეველი) დააგროვა.

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, სხვადასხვა უბანთან ქართულ ოცნებას ე.წ ქურდული სამყაროს წევრები და კრიმინალები ჰყავდა მობილიზებული.

კომენტარები