სერიალი ჩერნობილი

გორბაჩოვი ამბობს, რომ HBO-ს სერიალ "ჩერნობილში" ზოგიერთი ფაქტი გამოგონილია

საბჭოთა კავშირის ბოლო პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი ამბობს, რომ HBO-ს სერიალ ჩერნობილში ზოგიერთი ფაქტი გამოგონილია. 

რადიო "გავარიტ მასკვასთან" მიცემულ ინტერვიუში გორბაჩოვი ამბობს, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია მეცნიერ ვალერი ლეგასოვის კარიერის დანგრევაში. 

სერიალის მიხედვით, გორბაჩოვის ბრძანებით ლეგასოვს, რომელმაც ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში დიდი როლი შეასრულა, გმირის წოდება არ მიანიჭეს და აუკრძალეს სამეცნიერო სამუშაოები, რადგან მან სასამართლოზე აფეთქების რეალურ მიზეზებზე და რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტზე ისაუბრა. 

გორბაჩოვის თქმით, მას ეს ბრძანება არ გაუცია. 

"მე არ გამიცია ასეთი ბრძანება. ჩემს გარდა ვის შეეძლო? ეს ყველაფერი გამოგონილია"- ამბობს გორბაჩოვი. 

მისივე თქმით, თავად სერიალი ჯერ არ უნახავს, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში საავადმყოფოში იყო. 

HBO-სა და Sky Atlantyc-ის ახალი მინი სერიალი ჩერნობილი ხუთსერიანი ისტორიული დრამაა, რომელიც სსრკ-ში ქალქ პრიპიატში 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავს და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. მინი სერიალი ბელორუსი ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის "ჩერნობილის ხმები" მიხედვით არის გადაღებული. წიგნი აფეთქების დროს ქალაქ პრიპიატის მცხოვრებთა მონათხრობზე არის დაფუძნებული.

ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო ტელემედიებმა და გაზეთებმა სერიალი გააკრიტიკეს. რუსულმა მედიამ NTV უკვე დააანონსა, რომ ჩერნობილის თავიანთ ვერსიას გადაიღებდნენ. 

კომენტარები