საპენსიო რეფორმა

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატები დაასახელა

საპენსიო სააგენტომ დაასახელა კანდიდატები, ვინც პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში მის საინვესტიციო საბჭოში დაიკავებენ დღეისათვის ვაკანტურ ადგილებს.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო ის სტრუქტურაა, რომელიც წყვეტს, თუ სად განთავსდება ინვესტიციების სახით სააგენტოს მიერ დაგროვებული ფული. აქამდე, რადგანაც პოსტები ვაკანტური იყო, სააგენტოს ფულის ინვესტიცირების უფლება არ ჰქონდა და საბანკო ანგარიშებზე განათავსა.

ვინ არიან კანდიდატები?

კანდიდატურები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ხუთკაციანი სია ასე გამოიყურება: ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, დავით წიკლაური და მაიკლ რიდლი.

ტიმო ვიჰენკენტა ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორია. ოლივიე რუსო საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. ჟან-ფრედერიკ პოლსენი 2019 წლის მაისამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უფროსი მრჩეველი იყო, გარდა ამისა, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. საბჭოს წევრობის ერთადერთი ქართველი კანდიდატი, დავით წიკლაური საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. წარსულში ის Deutsche Bank-ში მუშაობდა. მაიკლ რიდლი 2012-15 წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

დამტკიცების შემდეგ, საინვესტიციო საბჭოს წევრებმა საბჭოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. საპენსიო სისტემაში 771 000 ადამიანია ჩართული.

 

კომენტარები