აშშ-მექსიკა

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ში არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად 45 დღე გვაქვს

მარსელო ებრარდი
Razon

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა აღიარა, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად მექსიკას 45 დღე მისცეს.

მისი თქმით თუ მექსიკის სამხრეთ საზღვარზე მობილიზებული დამატებითი სამხედრო ძალა პრობლემას ვერ გადაჭრის, დამატებითი ზომების მიღების განხილვა გახდება საჭირო, რაც შეიძლება ნიშნავდეს პრობლემის რეგიონულ დონეზე გადაჭრას, სხვა ქვეყნების ჩართვით.

"ჩვენ მათ ვუთხარით - ვფიქრობ ეს მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო - მოდით დავნიშნოთ დრო და ვნახოთ იმუშავებს თუ არა მექსიკის შემოთავაზება და თუ არ იმუშავებს, დავსხდეთ და დამატებითი ზომები განვიხილოთ." თქვა მან.

ამასთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეთანხებაში არის ნაწილი, რომელიც აშშ-ს მისცემს იმსას, რაც სურს, თუმცა ის ჯერ მექსიკის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ტრამპის თქმით ეს ნაწილი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება და თუ მას პარლამენტი არ დაამტკიცებს აშშ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალური მიგრაციის გამო მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას მომდევნო კვირიდან გეგმავდა.

"10 ივნისიდან აშშ ქვეყანაში მექსიკიდან შემომავალ ყველა საქონელს 5%-იან ტარიფს დაუწესებს, მანამდე, სანამ მექსიკიდან არალეგალი მიგრანტების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა არ შეწყდება. ტარიფები ნელ-ნელა გაიზრდება, სანამ არალეგალური მიგრაციის პრობლემა გადაწყდება." დაწერა მან.

გარდა ამისა დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კონგრესის გვერდის ავლით სასაზღვრო კედელის მშენებლობა დააფინანსოს. ტრამპს ასევე მიაჩნია, რომ მექსიკა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საკამარისს არ აკეთებს.

ამის შემდეგ ებრარდი აშშ-ს ეწვია და სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ტარიფების შესაჩერებლად შეთანხმებას მიაღწია.

მექსიკამ გვატემალის საზღვარზე ეროვნული გვარდიის 6,000 წევრი უკვე გაგზავნა, რათა აშშ-ში არალეგალი მიგრანტების მექსიკის გავლით შესვლა შეაჩეროს.

კომენტარები