4 წლის ბავშვის გარდაცვალება

იანვარში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი არასრულწლოვანზე ძალადობის მუხლით დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr

22 იანვარს ნაძალადევში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში მისი მამინაცვალიც დააკავეს.

როგორც საქართველოს ​შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოკითხვების და ექსპერტიზების პროცესში გამოიკვეთა, რომ კაცი სხვა ბავშვზე ძალადობდა. შესაბამისად, ეს ცალკე საქმედ გამოიყო, კაცი კი 20 მაისს დააკავეს.

მას ბრალად ედება არასრულწლოვანზე ძალადობა. კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლოში არსებითი განხილვის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ 2019 წლის 22 იანვარს გახდა ცნობილი, თუმცა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მედიის ნაწილი მეზობელზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ და რამდენჯერმე პოლიციაც იყო გამოძახებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბავშვზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე ოჯახში პოლიცია 6 იანვარს იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, 4 წლის გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ აცნობეს სოციალურ სამსახურს. გარდა ამისა, უწყებაში ამბობდნენ, რომ ოჯახის წევრები ბავშვის დაზიანებებს მის ჰიპერაქტიურ ქცევას უკავშირებდნენ. შსს ხაზს უსვამს, რომ ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, დედის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რომლის მიხედვით მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.

22 იანვარს, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, პოლიციამ დედა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დააკავა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში პირველი განმარტება 23 იანვარს გააკეთეს. უწყების მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა სააგენტომ, რომ 6 იანვარს ოჯახში ბავშვზე შესაძლო ძალადობის გამო პოლიცია იყო გამოძახებული. ის ამას გამოძიების ინტერესებს უკავშირებდა.

ამავე განცხადების დროს წერეთელმა თქვა, რომ ბავშვი 3.5 წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაზე იყო, რადგან დედამ მისი დაბადებისთანავე მიმართა სოციალურ სამსახურს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემა ითხოვა.

30 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ 2 სოციალური მუშაკი და 2 უფროსი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო სოციალური სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები