საქართველოს პარლამენტი

ვოლსკი ბოკერიას: შე ყეყეჩო ადამიანო შენა

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ევროპული საქართველოს წევრს გიგა ბოკერიას "ყეყეჩი ადამიანი" უწოდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვოლსკი ბოკერიას გამოსვლამ გააღიზიანა - ევროპული საქართველოს დეპუტატმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას ცეკას ინსტრუქტორი ჰყავს პარტიაში.

"თქვენ საუბრობთ რეჟიმზე, რომ მორალური უფლება არავის არ აქვს, მე მინდა გკითხოთ - კომპარტიაზე დანაშაულებრივი რეჟიმი, ფაშისტურის გარდა, რომელი იყო კაცობრიობის ისტორიაში? ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დაანგრია, მილიონობით ადამიანი დახვრიტა, ბოლოსაც კი, გახრწნის პიკში, 9 აპრილს, დამოუკიდებლობისთვის შეკრებილი თავისუფალი  მოქალაქეები დაარბია, თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, ცეკას ინსტრუქტორი, 9 აპრილის მერე, კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი იყო, თქვენ გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში წავიდა 9 აპრილის შემდეგ, თქვენ გყავთ გუგული მაღრაძე, პარტკომი იყო ამ ყველაფრის მერე, ვის უკითხავთ თქვენ მორალს, ვის?" - თქვა ბოკერიამ.

ამის შემდეგ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არა თუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია, არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ. შე ყეყეჩო ადამიანი შენა, გიგა ბოკერია" - მიმართა ვოლსკიმ ევროპული საქართველოს დეპუტატს, რის შემდეგაც მას მიკროფონი გამოურთეს.

"კოლეგებო, ნუ დავარღვევთ ეთიკის ელემენტარულ წესებს, ეს ემოციური მდგომარეობა არის გასაგები, ამას აქვს თავისი ახსნა, თუმცა არ აქვს გამართლება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ემოციები მართოთ" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები