კახა კალაძე

კალაძე: აღარ გამოვა "ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა"

ipress

თბილისის მერის თქმით, ქალაქის ურბანული განვითარების მიმართ მიდგომები შეიცვალა და აღარ გამოვა "ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა".

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა თბილისის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კალაძის თქმით, მერიის დაკვეთით "დელოიტ საქართველომ" თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა ჩაატარა, რომელიც ქალაქში მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, აქ არსებული სექტორების შეფასებას და საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებას და ანალიზს მოიცავს.

"კვლევაში ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს. მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ეს პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც არის სახეზე - ის, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი, ვფიქრობ, არავისთვის სასიამოვნო არ არის. არავის მოსწონს ის, თუ რა ხდება დღეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით, შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ უნდა წავიდეს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად და ის მიდგომები და დამოკიდებულებები, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ, სადაც მინდა, ვაშენებ როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ნამდვილად არ გამოვა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია", - თქვა მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორი და ბიზნესი უკვე გადაეწყო იმ მოთხოვნებსა და მიდგომებზე, რომელიც მერიამ განსაზღვრა.

"ზუსტად ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი", - დასძინა მან.

კომენტარები