არჩევნები 2019

თალაკვაძე: წაგებას აბრალებთ რამდენიმე ინციდენტს, რომელზეც შსს-ს მყისიერი რეაგირება ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ევროპული საქართველო მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებში წაგებას "კონკრეტულ რამდენიმე ინციდენტს აბრალებს, რომელზეც, შსს-მ რეაგირება გააკეთა მყისიერად". პლენარულ სხდომაზე თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელს არავის აფარებენ.

"შუალედური არჩევნების შემდეგ ძალიან დაბნეულები ხართ, თავს იმართლებთ რაღაც ღიმილისმომგვრელი არგუმენტებით და აბრალებთ წაგებას კონკრეტულ რამდენიმე ინციდენტს, რომელზეც, ბატონ ბოკერიას მინდა მივმართო, რომ შსს-მ რეაგირება გააკეთა ამაზე მყისიერად. ასე რომ ნუ ატყუებთ საზოგადოებას, რომ ვინმე ვინმეს აფარებს ხელს" - თქვა თალაკვაძემ.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 61.83%-ით გაიმარჯვა. 

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას, სხვადასხვა უბანთან ქართულ ოცნებას ე.წ ქურდული სამყაროს წევრები და კრიმინალები ჰყავდა მობილიზებული. პარტიამ ამის ამსახველი არაერთი ვიდეომასალაც გაავრცელა.

გარდა ამისა, N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების აქტივისტი ანა გელოვანი თავს დაესხა ევროპული საქართველოს დამკვირვებლებს ანა ბარამიძეს და კატო კოპალეიშვილს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით (საარჩევნო უბანზე ძალადონა ან ძალადობის მუქარა) დაიწყო, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ვიდეომასალაზე ინციდენტი და თავდამსხმელი ჩანს, ანა გელოვანი აქამდე არ დაუკავებიათ. შსს-ს განცხადებით, "არ გვახსენდება გამოძიება, რომელიც ორ დღეში დასრულებულიყოს".

შსს-მ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზეც. ევროპული საქართველოს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთი კაცი მეორეს ლადო კახაძის შემოხაზვას სთხოვს. კიდევ ერთი კი იმუქრება - "რას დამდევ, დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე, თორემ გაგჭრი შუაში". ვიდეოში მათ სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ, თუმცა, ევროპული საქართველოს გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ვიდეოში მონაწილე პირები ქართული ოცნების აქტივისტები არიან და ისინი კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაში იღებდნენ მონაწილეობას. გამოძიების დაწყების მიუხედავად, ამ ფაქტზეც არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები