რუსეთი

რუსების უმეტესობა ოკუპირებული დონბასის უკრაინისგან გამოყოფას ემხრობა

0 კომენტარი
ფოტო: The Times

11 ივნისს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის იური ლევადას ანალიტიკური ცენტრის გამოქვეყნებული კვლევით ვიგებთ, რომ რუსების უმეტესობა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, იგივე ოკუპირებული დონბასის აღმოსავლეთ უკრაინისგან გამოყოფას ემხრობა.

რუსეთში გამოკითხულთა 29% ოკუპირებული დონბასის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, ხოლო 27%-ს სურს, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილი გახდეს.

გამოკითხულთა 17%-ს მიაჩნია, რომ ოკუპირებული დონბასი უკრაინის ნაწილად უნდა დარჩეს, თუმცა კიევიდან მეტად დამოუკიდებელი უნდა იყოს. 14%-ის აზრით, ოკუპირებული დონბასი უკრაინის შემადგენლობაში იმ პირობებში უნდა დარჩეს, რაც ამჟამად აქვს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 59% აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული გავლენის გაზრდას ემხრობა. 70% კი მხარს უჭერს ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების გაცემას.

აღნიშნული გამოკითხვა 24-28 მაისს ჩატარდა. რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში 1 616 სრულწლოვანი რუსი გამოკითხეს.

ლევადა ცენტრის ეს კვლევა უკანასკნელად 2017 წელს ჩატარდა. მაშინ გამოკითხულთა 21% მიიჩნევდა, რომ ოკუპირებული დონბასი რუსეთის ნაწილი უნდა გამხდარიყო, ხოლო 37% მის დამოუკიდებლობას ემხრობოდა.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს.

24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები