ეროვნული ბანკი

მაისში ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 23.3%-ით გაიზარდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2019 წლის მაისში 701.4 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც 23.3%-ით მეტია 2018 წლის მაისთან შედარებით.

ჯამში, რეზერვების მოცულობა 3.7 მილიარდი აშშ დოლარია.

თვიურად, რეზერვები 2.6%-ით გაიზარდა - მაისში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა აპრილთან შედარებით 95.5 მლნ აშშ დოლარით მეტს შეადგენდა.

ამასთან, მაისში ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. განსხვავებით ივნისისგან, როცა უწყებამ უკვე 30 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა - 10 მილიონი ექვს, ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარი შვიდ ივნისს. ჯამში ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს უკვე 11 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 155 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 10 ივნისს თქვა, რომ რეზერვების მოცულობა ამ ეტაპზე "არაადეკვატურია" და შევსებას საჭიროებს.

"საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის, ახლანდელ პერიოდში ყველაზე მიღებული მაჩვენებლის შესაბამისად, არ არის ადეკვატური. ამიტომ, იმ მომენტში, როცა ამის შესაძლებლობაა, მნიშვნელოვანი არის, რომ დავაგროვოთ რეზერვები." - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მსგავს ინტერვენციებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა არ აქვს:

"სავალუტო ინტერვენციები იმ პრინციპით, როგორც ახორციელებს ეროვნული ბანკი, საშუალოვადიან პერიოდში გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს, ამავე დროს, ის ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას."

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.7348 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 3.0920 ლარი.

კომენტარები