აშშ

აშშ-ის ალაბამას შტატში 13 წლამდე ბავშვთან სექსუალური ძალადობა ქიმიური კასტრაციით დაისჯება

UPI

11 ივნისს ალაბამას შტატში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, 13 წლამდე ბავშვებთან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულებს ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ. აღნიშნულ კანონს ხელი ალაბამას შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ქეი ივიმ მოაწერა.

დამნაშავეებს ქიმიური კასტრაცია ციხიდან გამოსვლამდე 1 თვით ადრე დაენიშნებათ მანამ, სანამ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ ეს საჭირო აღარ არის. კანონი შეეხებათ მათ, ვინც 2019 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს.

კანონი ალაბამას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სტივ ჰურსტმა წარადგინა.

"წარსულში, როდესაც ეს კანონი წარვადგინე, ხალხი მეკითხებოდა, ვფიქრობდი თუ არა, რომ ეს არაადამიანური იყო. მე კი ვკითხე მათ, რა არის იმაზე არაადამიანური, როდესაც პატარა ბავშვზე სექსუალურად ძალადობ, როდესაც ბავშვს არ შეუძლია თავდაცვა ან გაქცევა, შემდეგ კი მან უნდა გაიაროს ყველაფერი ის, რაც უნდა გაიაროს. თუ გსურთ არაადამიანობაზე საუბარი, ეს არის არაადამიანური", - აღნიშნა მან.

ალაბამა აშშ-ში მეშვიდე შტატი გახდა, სადაც გარკვეულ სექსუალურ დანაშაულზე დამნაშავეს ფიზიკურ ან ქიმიურ კასტრაციას უტარებენ. აღნიშნულ დანაშაული კასტრაციით ისჯება კალიფორნიაში, ფლორიდაში, ლუიზიანაში, მონტანაში, ტეხასსა და უისკონსინში.

კომენტარები