თბილისის მერის შეფასებით, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები "ძალიან მაგრად მიმდინარეობს". კახა კალაძემ დღეს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
"პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალებზე მუშაობა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა. ამის დასრულების შემდეგ გადავალთ განშტოებების მოწესრიგებაზე და შემდეგ დაერთდება. სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს აქ მცხოვრებ ადამიანებს. მესმის, აქ არის მტვერი და ხმაური, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია სამუშაოების შესრულება. ამას ყველა გაგებით ეკიდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტით უკვე ყველა ვიამაყებთ. გამზირი იქნება გალამაზებული და მოწესრიგებული. მასშტაბებსაც ხედავთ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გაბმული, მიწის ქვემოთ ჩავა. წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას უზრუნველყოფს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.
"სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება" - აცხადებს თბილისის მერია.
როგორ მოძრაობს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს, წაიკითხეთ აქ.