საპენსიო სააგენტო

საპენსიოს სააგენტოს დირექტორის თქმით, სქემიდან მონაწილეთა "10-11% გავიდა"

საპენსიიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით უკვე 243 მილიონი ლარია აკუმულირებული. სურგულაძის თქმით, სქემაში გაწევრიანდა 806 ათასი ადამიანი, საიდანაც 10-11% უკვე გასულია სქემიდან.

ლევან სურგულაძემ სტატისტიკურ მონაცემებზე იმედის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, დეტალური ინფორმაცია სქემაში მონაწილეთა რაოდენობაზე დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ივნისს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო ის სტრუქტურაა, რომელიც წყვეტს, თუ სად განთავსდება ინვესტიციების სახით სააგენტოს მიერ დაგროვებული ფული. აქამდე, რადგანაც პოსტები ვაკანტური იყო, სააგენტოს ფულის ინვესტიცირების უფლება არ ჰქონდა და საბანკო ანგარიშებზე განათავსა.

ვინ იქნებიან საბჭოს წევრები?

კანდიდატურები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ხუთკაციანი სია ასე გამოიყურება: ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, დავით წიკლაური და მაიკლ რიდლი.

ტიმო ვიჰენკენტა ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორია. ოლივიე რუსო საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. ჟან-ფრედერიკ პოლსენი 2019 წლის მაისამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უფროსი მრჩეველი იყო, გარდა ამისა, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. საბჭოს წევრობის ერთადერთი ქართველი კანდიდატი, დავით წიკლაური საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. წარსულში ის Deutsche Bank-ში მუშაობდა. მაიკლ რიდლი 2012-15 წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

კომენტარები