არჩევნები 2019

დამკვირვებლები შსს-ს ჩვენების გაყალბებაში სდებენ ბრალს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით განცხადებას ავრცელებს არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდის მე-18 უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ევროპული საქართველოს დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს მტკიცებით, დამკვირვებელმა ანა ბარამიძემ დაკითხვისას თქვა, რომ ქართული ოცნების აქტივისტი ანა გელოვანი ვიდეოგადაღებაში უშლიდა ხელს, რა დროსაც ბარამიძეს "შემთხვევით მოხვდა მისი ხელი სახის არეში". შსს ასევე აცხადებს, რომ "ზემოთაღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეზე გამოკითხული ანა ბარამიძის თანმხლები პირი - კატო კოპალეიშვილი, რომელიც თავის მხრივ განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია".

ტაბულა ესაუბრა ინციდენტის მონაწილეებს. ანა ბარამიძის თქმით, მას არ დაუწერია ჩვენებაში, რომ ხელი შემთხვევით მოხვდა.

"არ დავადასტურე არც შემთხვევით და არც ძალით. ვუთხარით, რომ ხელი მომხვდა და არ ვიცით, შემთხვევით იყო თუ განზრახ" - ამბობს ბარამიძე.

შსს-ს ინფორმაციას უარყოფს კატო კოპალეიშვილიც. მისი თქმით, "არ დამიდასტურებია, რომ შემთხვევით მოხდა, ეს ზუსტად მახსოვს. ინფორმაცია რაც გავრცელდა, მაგას არ ვადასტურებ". მისივე თქმით, ჩვენების ნაწილი თავისი ხელით დაწერა, ხოლო შემდეგ, პოლიციელმა გააგრძელა.

"როცა მივედით ხელის გარტყმის ფაქტამდე, ვამბობდი, რომ ხელი გაარტყა, პოლიციელმა რამდენჯერმე მკითხა - "გაარტყა თუ შემთხვევით მოუხვდა? იქნებ შემთხვევით მოუხვდა?" - რაზეც აღვნიშნე, რომ არ ვიცი, შემთხვევით მოუხვდა თუ არა, ფაქტია, რომ მოხვდა" - თქვა ინციდენტის მონაწილემ, ევროპული საქართველოს დამკვირვებელმა.

"ჩვენებას ხელი მოვაწერეთ მეც და ანამაც, არ მგონია, რომ წაკითხვისას რამე სიტყვა გამომრჩა, თუმცა დაღლილი ვიყავი და შეიძლება, ასეც მოხდა. რაც შეეხება შემთხვევითობას, ზუსტად მახსოვს, რომ მსგავსი სისულელე არ მითქვამს, მაგრამ რადგან მითხრეს, რომ ცრუ ინფორმაცია არ უნდა დამეწერა, ყოველი შემთხვევისთვის ვუპასუხე, რომ არ ვიცი "შემთხვევით" იყო თუ არა.

ვაქე, კარგი პოლიციელები იყვნენ მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის შელამაზება სცადეს, მაინც არ ჩამითვლია., რომ გააყალბებდნენ" - ამბობს კატო კოპალეიშვილი.

შსს-ს განცხადებით კი, საქმეზე გამოკითხულმა ანა ბარამიძემ განმარტა, რომ მე-18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებდა, რის გამოც უკმაყოფილება გამოთქვეს იქ მყოფმა პირებმა.

"ეს ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. ამ დროს ანა გელოვანმა ანა ბარამიძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა მას ვიდეოგადაღებაში, რა დროსაც, მოწმე ანა ბარამიძის განმარტებით, მას შემთხვევით მოხვდა ანა გელოვანის ხელი სახის არეში. ზემოაღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეზე გამოკითხული ანა ბარამიძის თანმხლები პირი - ეკატერინე კოპალეიშვილი, რომელიც თავის მხრივ განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება. დანიშნულია ანა ბარამიძის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს ფაქტის შემსწრე მოწმეთა გამოკითხვა და ვიდეოჩანაწერების შესწავლა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე, შევისწავლით ინციდენტში მონაწილე პირთა მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და მოხდება შესაბამისი რეაგირება"
- აცხადებს შსს.

გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარა) მიმდინარეობს. 

კომენტარები