არჩევნები 2019

კობახიძე: არჩევნების I ტურში ევროპულ საქართველოს ათეულობით ძველი ბიჭი ჰყავდა ჩართული

ტვ.პირველი

მთაწმინდაზე არჩევნების პირველ ტურში ევროპულ საქართველოს ათეულობით ძველი ბიჭები და ქუჩის ავტორიტეტები ჰყავდათ ჩართული - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ.პირველის გადაცემა რეაქციაში თქვა. 

მისი თქმით, ძველი ბიჭების თემა უკვე ყბადაღებული თემაა. 

"მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო სრული პასუხისმგებლობით. პირველ ტურთან დაკავშირებით მაქვს ზუსტი ინფორმაცია, სახელებით და გვარებით შეგიძლიათ მოიკითხოთ ევროპულ საქართველოს რომელი ძველი ბიჭები და ქუჩის ავტორიტეტები ჰყავდათ ჩართული. ასეთი იყო ათეულობით ადამიანი. არ დავასახელებ არცერთს, მაგრამ კონკრეტული სახელები და გვარები დგას იმ ინფორმაციის უკან რომელიც მე მაქვს. ათეულობით ასეთი ადამიანი ჰყავდათ მათ ჩართული",- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

მისივე თქმით, არჩევნებზე მობილიზირებას ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ახორციელებს და ამ დროს ამომრჩეველს შორის თუ ვინმე ისეთი გამოირევა, რომელსაც ქუჩაში ავტორიტეტი აქვს, "ეს სხვა საქმეა" თუმცა, მისივე თქმით, ასეთი სისტემური პრაქტიკა არ ხორციელდება. 

ევროპული საქართველო 9 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა სხვადასხვა ვიდეომასალას, რომლებშიც ჩანდა, რომ სხვადასხვა უბანთან ე.წ ძველი ბიჭები იყვნენ მობილიზებულები, ზოგიერთი მათგანი წარსულში მკვლელობისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებითაც იყო დაკავებული. 

კომენტარები