ანაკლიის პორტის პროექტი

ბახტაძე: კონსორციუმის თხოვნას ფინანსური დოკუმენტის წარდგენის გადავადებაზე მხარს დავუჭერთ

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ პროექტთან დაკავშირებით ის სიეტლში შეხვდა "ეს ეს ეი მარნის" ხელმძღვანელობას, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის მონაწილეა. 

მისი თქმით, მთავრობა დათანხმდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თხოვნას, რომ გაუხანგრძლივდეს კონსორციუმს ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად გათვალისწინებული ვადა.

"ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ ამ პროექტში. ამ პროექტს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. როგორც კი ჩამოვალ, მომდევნო კვირას გვექნება მთავრობის სხდომა და მოხდება ამ საკითხის განხილვა და გადავადება ვადების. თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენ, მთავრობამ ავიღეთ ვალდებულება და ვასრულებთ მას და მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს რომ მათ შეასრულონ ვალდებულებები, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს და ამავე დროს მსურს გავიმეორო, თითოეული ჩვენთაგანი და კონსორციუმის წევრებიც უნდა იყვნენ ორიენტირებულნი კონკრეტულ შედეგზე. თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას ეს პროექტი აუცილებლად შედგება და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს რომ დავეხმაროთ კონსორციუმს მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულებაში", - თქვა მამუკა ბახტაძემ. 

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ იმედია საქართველო ანაკლიის პორტის პროექტს დაასრულებს. 

"პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ ამოძრავებთ",- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. კონსორციუმის ცნობით, მთავრობამ მათ დაუმალა, რომ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, რაც მოხდა, არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდეს.

30 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება და თანამდებობიდან გაათავისუფლა სააგენტოს უფროსი. თუმცა, ფოთის პორტის მმართველი კომპანიის შვილობილი კომპანია APM ტერმინალის განცხადებით, მათ არ მიუღიათ ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები