ბახტაძის ვიზიტი აშშ-ში

კალაძე: ძალიან მაგარი ვიზიტი ჰქონდა პრემიერმინისტრს აშშ-ში

"ძალიან მაგარი ვიზიტი ჰქონდა პრემიერმინისრტს და მინდა მივულოცო," - თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უმაღლესი შეფასებები გაკეთდა. 

"მინდა მივულოცო ბატონ მამუკას აშშ-ში წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს იმას, რომ ის რეფორმები, ის წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მიაკ პომპეოს განცხადება, უმაღლესი შეფასება იქნა გაკეთებული მისი მხრიდან, ვციტირებ, „საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადჰყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას“ და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ასევე საუბარი იყო და ხაზი გაესვა იმას, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც დავიწყეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, საუბარი შეეხო ასევე ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მხრიდან აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, ასე რომ ძალიან მაგარი ვიზიტი ჰქონდა პრემიერმინისტრს და მინდა მივულოცო," - ამბობს კალაძე. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ რეკომენდაციებზე, ისაუბრა რაც აშშ-მა საქართველოს მთავრობას მისცა:

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ქართული დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. პრემიერმინისტრთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის ვალდებულება უზრუნველყოს, რომ სამთავრობო უწყებები ემორჩილებოდნენ კანონს და ასრულებდნენ იმ დაპირებებს, რაც მათ მოქალაქეებს მისცეს," - თქვა პომპეომ. 

კომენტარები