მეტრომანი

მეტრომანებზე ბალანსის თანხის გადაუხდელად, ჰაკერულად შევსებისთვის კიდევ 6 პირი დააკავეს

0 კომენტარი

შსს-ს ინფორმაციით, „მეტრომანის“ ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ მითვისებისთვის კიდევ 6 პირი დააკავეს, აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე დღეს სუს-მაც სამი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები კომპანია "მეტრო სერვის +"-ის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და "მეტრომანის" ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს - ძირითადად ტურისტებს,
რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1986 წელს დაბადებული რ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ხ., 1988 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1992 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1960 წელს დაბადებული დ.ს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციითვე, ბრალდებულები ამ ქმედებით, ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

"აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს დანაშაულებრივი ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. კერძოდ, ჯგუფის ორგანიზატორები - დ.ს. და რ.ა. დანაშაულის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ და ჯგუფის წევრებს შორის თანხებს ანაწილებდნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიენტებს იზიდავდნენ და მათგან თანხებს იღებდნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბარათებზე თანხის ვირტუალურად ასახვას ახდენდა," - ამბობენ შსს-ში. 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-მუხლის მე-2 ნაწილის
"ა" ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები