თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს: უნდათ თუ არა, შევაგროვებ ხელმოწერებს

ტვ პირველი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით უნდა თუ არა ეს უმრავლესობას, კომისიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, - "პარლამენტში უმრავლესობის წევრები იძახიან, რომ არ არის საჭირო. უმრავლესობა იმასაც იძახის, რომ თემირლანი დამნაშავე იყო. ეს ხელისუფლება მთლიანობაში ერთ ჯამში იხარშება, პროკურორიც, მოსამართლეც, ივანიშვილიც და პარლამენტის უმრავლესობაც და დანარჩენი ხელისუფლებაც. ამათ ეს უნდათ თუ არა, მე შევაგროვებ ამ ხელმოწერებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც კი თემირლანის სისხლში ურევია ხელი, უნდა დაიბარონ დაკითხვაზე."

ცნობისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, - "მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას. იმიტომ, რომ თემირლანი არ იყო ეჭვმიტანილი და არც კავშირში იყო ამ ტერორისტულ აქტთან, ეს მინდა, რომ გაიგოს მთელმა მსოფლიომ."

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ერთერთი ბრალდებული, თემირლანმაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

კომენტარები