ანაკლიის პორტი

ჩუგოშვილი: ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და მთავრობა მის ხელშეწყობას ყველა ეტაპზე ცდილობდა.

ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს ცნობას.

"პორტის მშენებლობის დროს ჩაფიქრებული იყო და ვეძებდით კომპანიას, რომელიც შეძლებდა, მთავარ სტრატეგიულ ქვეყანასთან ერთად, ამერიკულ ინვესტორებთან ერთად, ამერიკული ინვესტიციებით პროექტი განეხორციელებინა და პორტი აეშენებინა. ქვეყნის ეს ინტერესი ძალაშია და დღის წესრიგში იქნება, რადგან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია." - ამბობს ჩუგოშვილი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მთავრობა კონსორციუმს მაქსიმალურად უწყობდა ხელს პროექტის განხორციელებაში:

"ყველა მოთხოვნა ძალიან სერიოზულად იყო მიღებული, რომ მათ შეძლებოდათ ინვესტიციების მოძიება პორტის მშენებლობისთვის. როგორ ახერხებენ ამას, ეს უკვე შეუძლიათ, იმ უწყებებმა გითხრათ, ვინც ამ თემაზე მუშაობს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმს ინვესტიციების ფინანსური დახურვის ვადას მთავრობა ექვსი თვით გადაუვადებს, რაც მთავრობის მომდევნო სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

მთავრობის რეაგირება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებას მოჰყვა:

"მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ." - თქვა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას.

პომპეოს განცხადების შემდეგ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერდა ანაკლიის კონსორციუმის თხოვნას ფინანსური დახურვის თარიღის გადავადებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები