ანაკლიის პორტი

რომან კაკულია: ანაკლიის პორტს მთავრობის მხარდაჭერის პრობლემა არ აქვს

0 კომენტარი
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფოტო: parliament.ge

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებას ეხმაურება ანაკლიის პორტზე.

"ახალი გზავნილი არ ყოფილა, რაც აქამდე იყო ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, თავმოყრილია და რამე რადიკალურ ცვლილებებს ადგილი არ აქვს." - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

კაკულიას თქმით, ანაკლიის პორტის მთავარი პრობლემა "კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხებია".

"მთავარი გამოწვევა, როცა პირველად დასახელდა ანაკლიის პორტი, იქ მცირე ნაღმი იყო ჩადებული, როცა მკაფიოდ უნდა განსაზღვრულიყო, თუ ეს პოტენციალი არ აქვს პორტს ფოთში, არასოდეს აღნიშნული ამბიცია არ უნდა გაჩენილიყო. მკაფიოდ უნდა გამოკვეთილიყო, რამდენად მკაფიოა კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხები ანაკლიის პორტზე. ანაკლიის პორტს დღეს თუ რამე გამოწვევა აქვს, ეს არის მისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე." - ამბობს კაკულია.

ამასთან, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ანაკლის პორტის პროექტს მთავრობის მხარდაჭერის პრობლემა არ აქვს:

"მას არ აქვს მთავრობის მხარდაჭერის პრობლემა. მისი ვალდებულებაა, ყველა პოტენციური ინვესტორი დაარწმუნოს, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი, სიცოცხლისუნარიანი პროექტი, სხვა შემთხვევაში, გამოგონილი იქნება ხელოვნური სახის ბარიერების შექმნა."

კაკულია აგრეთვე გამოეხმაურა პომპეოს ნათქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი "ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ."

"რუსეთის, ჩინეთის, ამერიკის, საქართველოს დამოკიდებულება დღეს არ ჩამოყალიბებულა, წლებია, გასაგებია ყველას პოზიცია. ეს არ არის ახალი გზავნილი, სტაბილური გზავნილია ამერიკის მხრიდან, რომელიც რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე საუბრობს." - ამბობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმს ინვესტიციების ფინანსური დახურვის ვადა ექვსი თვით გადაუვადდება, რაც მთავრობის მომდევნო სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

მთავრობის რეაგირება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებას მოჰყვა:

"მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ." - თქვა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას.

პომპეოს განცხადების შემდეგ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერდა ანაკლიის კონსორციუმის თხოვნას ფინანსური დახურვის თარიღის გადავადებაზე.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები