ღვთისმშობლის წილხვდომილობა - მასწავლებლები ამბობენ, რომ არ იცოდნენ, რა ლექციაზე წაიყვანეს

სანათა ოჩიაური

მასწავლებლები ამბობენ, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის ლექციაზე იძულებით წაიყვანეს, სამინისტრო უარყოფს

მასწავლებლების ნაწილის ინფორმაციით, სკოლებიდან ისე წაიყვანეს ლექციაზე დასასწრებად, რომ არ იცოდნენ სად მიდიოდნენ. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს ამის გამო გაკვეთილები არ ჩაუტარდათ, პედაგოგების ნაწილი მუსლიმია და მათ მთელი ლექციის განმავლობაში უწევდათ მოსმენა, რომ "ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა".​

მედია ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. თუმცა მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. ტაბულამ მათ ჰკითხა მედიასთან საუბარი სამინისტრომ ხომ არ აუკრძალა, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ისინი მხოლოდ ფეისბუქზე დაწერილი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე გვთანხმდებიან.

"არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო - "სამინისტროს დავალებაა". ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიური, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80%, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე", - წერს სანათა ოჩიაური ფეისბუქზე.

ის განათლების სამინისტროსგან ითხოვს აუხსნან რატომ იყო სავალდებულო და აუცილებელი, რომ  5 გაკვეთილი გაეცდინა ბავშვებისთვის, წასულიყო 100 კილომეტრის მოშორებით ლექციაზე, რათა მოესმინათ თეოლოგისთვის და დასწრებოდნენ მისი წიგნის პრეზენტაციას

"რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არც ერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან", - წერს ოჩიაური.

7 ივნისს, რუსთავში ჩატარებულ ლექციას ესწრებოდა ირა ძირკვაძეც. მისი ინფორმაციით, მასწავლებლებს უთხრეს, რომ მინისტრი ხვდება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.

"საათნახევარზე მეტი ვუსმინეთ ლექციას, რომლის მთავარი არსიც იყო, რომ ჩვენ მასწავლებლებმა ნამდვილი ქრისტიანი და ეკლესიაში მოსიარულე ადამიანები უნდა აღვზარდოთ... აუცილებლად უნდა ვეზიაროთ და ღვთის შიშით ვიცხოვროთ... თურმე ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართლმადიდებლობაა და სხვა რელიგიის აღმსარებლები ჯოჯოხეთში მოვხვდებით...  რახან ლოცვით არ ვიწყებთ და არ ვასრულებთ გაკვეთილს, მაგიტომ ვართ ზნეობრივად და მორალურად დაცემული ახალგაზრდობა... სხვათაშორის, იქ დამსწრე მასწავლებელთა ნაწილი ქართველი მუსლიმები ვიყავით", - წერს ის ფეისბუქზე.

ორივე მასწავლებელი ამბობს, რომ ლექციაზე კითხვის დასმის საშუალება არ ჰქონდათ.

სხვა პედაგოგები წერენ:

"მეც ვიყავი ახალციხის უნივერსიტეტში, არ გვითხრეს რა საკითხზე ვიყავით დაბარებული და საათნახევარი ვუსმენდით ახალციხისა და ასპინძის მასწავლებლები";

"ასეთებს შორის ვარ, მე თბილისში მხვდა წილად. დახუთულ ოთახში.... მომაკვდინებელ სიცხეში... რატომ ვიჯექი არ ვიცი";

"ჩვენ განათლების მინისტრის მოადგილესთან შესახვედრად წაგვიყვანეს და დაგვხვდა აკაკი მინდიაშვილი...";

"ბოლნისის რაიონის სკოლებიდანაც ეგრე გაურკვევლად წაგვიყვანეს და 2 საათი ვისმენდით, რომ თურმე საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია. "გაგვანათლა" ბატონმა აკაკიმ";

"ეთქვათ სად და რისთვის მივყავდით, მაშინ ასეთი რეაქცია არ მექნებოდა. მე მუსლიმი ვარ, პატივს ვცემ ქრისტიანულ რელიგიას. ასევე, ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორია, მაგრამ მე ჩემი რწმენა მაქვს და ვლოცულობ საქართველოსთვის. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს სამშობლო, ქართველობა მხოლოდ ქრისტიანობა არაა";

"ლექციის კულმინაცია იყო საგალობელის მოსმენა, ვიფიქრე წავალ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, ვიცოდი "შემაჩვენებდა" . მაგალითი წინ მქონდა, რამდენიმემ დატოვა დაწყებისთანავე და "ამათ რა უნდა ასწავლონ ბავშვებსო...", ასე შეაფასა მისთვის უცნობი პედაგოგები";

"მეც იმ მასწავლებლებს შორის ვარ, ვინც დატოვა ეს ლექცია. დაღლილ-დაქანცულს, სკოლიდან წასულს რატომღაც არ მქონდა სურვილი 2 საათი მესმინა მონოლოგისთვის, რომლის საჭიროებასაც ვერ ვხედავდი";

მიუხედავად მასწავლებლების ამ ინფორმაციისა, განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ ლექციებზე დასწრება ნებაყოფლობითია.

"შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც ასევე შედის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ დაინტერესებულ პირებს და მათზე დასწრება არის ნებაყოფლობითი", - უთხრეს ტაბულას უწყებაში.

ცნობისთვის, 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ამასთან, საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 694 000 ლარი გამოყო. ამ თანხიდან 73 000 ლარი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე გამოფენების მოსაწყობად დაიხარჯება. გარდა ამის, საპატრიარქოს გადაეცა 141 000 ლარი - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ თანხით 12-13-14 მაისს საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს, უწყებას 480 000 ლარი გამოეყო შემდეგი ღონისძიებებისთვის:

  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოებისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველ 50 000 ბროშურას და 50 000 ხატს დაბეჭდავს. საკონსულოები ბროშურებს და ხატებს ემიგრანტებს დაურიგებენ.
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე დარიგდება ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 000 ბროშურა და 150 000 ხატი.
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისში და რეგიონებში მოაწყობს ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციების გამოფენას "საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და წმინდანი ქალების როლი" და ამ თემასთან დაკავშირებით ჩაატარებს ლექციებს.
  • დააფინანსებს სპექტაკლებს, მხატვრული კითხვის საღამოებს, ფოლკლორული ანსამბლის ტურნეებს, კინოჩვენებებს, საჯარო ლექციებს. 
  • მახათას მთაზე გაიხსნება საზეიმოდ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. წირვის შემდგომ ფუნიკულიორზე გაიმართება საზეიმო მიღება. ამ ღონისძიებისთვის მთავრობას 304 852 ლარი აქვს გამოყოფილი.

გარდა ამისა, მთავრობის მოწონებული სამოქმედო გეგმის თანახმად, ამ ღონისძიებებისთვის, მეორე ეტაპის, დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, 199 340 ლარია გამოყოფილი, არაერთ ღონისძიებას კი, სახელმწიფო დაწესებულებები "საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში" აფინანსებენ, ანუ ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულის აღნიშვნა ჯამურად მინიმუმ 893 940 ლარი ჯდება. 

კომენტარები