ზუგდიდი

ზუგდიდში უხარისხო სტადიონი 18 მილიონი ჯდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 30 მილიონია

ზუგდიდის სტადიონი
livepress.ge

2015 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ახალი სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მინიმუმ 2020 წლამდე გაგრძელდება.

თუ თავდაპირველი გეგმით სტადიონზე 9 747 000 ლარი უნდა დახარჯულიყო, ხარჯები კიდევ 8 059 045 ლარით იზრდება, როცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი სულ 30 მილიონია.

ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი იუწყება საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზზე დაყრდნობით.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "დაგი" აწარმოებს. ამ ეტაპისთვის, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზია გამოკვეთილი:

  • მიდვრის საფარს გარშემო რკინა-ბეტონის ჯებირი აქვს შემოვებული, რომელთანაც შეჯახებისას ფეხბურთელებმა მძიმე ტრავმა შეიძლება მიიღონ.
  • ტრიბუნები ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელთა ნაწილი მოედანს კარგად ვერ ხედავს - მათ გვერდიდან ბეტონის კედელი ეფარებათ.
  • მინდვრის საფარი უსწორმასწოროა და რადგანაც სათანადოდ არ უვლიან, თითქმის გამხმარია
  • წყალსადენი სისტემის გაუმართაობის გამო ნაწვიმარი წყალი ტრიბუნებზე გროვდება

როგორც ფლანგვის დეტექტორი განმარტავს, ზუგდიდის მერიაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მერიაში კი თითქმის ორჯერ გაზრდილ პროექტის ბიუჯეტს სამშენებლო ხარჯებზე მომატებული ფასებით ხსნიან, გამოვლენილ ხარვეზებს კი "საპროექტო შეცდომებს" უწოდებენ.

მუნიციპალიტეტში იმასაც ამბობენ, რომ ამ დროისთვის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპისათვის კი ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

კომენტარები